დაძაბული „ქართული კლასიკო“ „დინამო თბილისმა“ ბოლო წუთზე მოიგო #1TVSPORT
ქუთაისის „ტორპედომ“ „ქართულ კლასიკოში“ „დინამო თბილისს“ სამტრედიაში უმასპინძლა. სანახაობრივი და და დაძაბული თამაში დინამოელებმა ბოლო წუთზე გატანილი პენალტით 3:2 მოიგეს.
„ტორპედოში“ ახალი მთავარი მწვრთნელის, შოტლანდიელი სტივ კინის ოფიციალური დებიუტი შედგა, რომლის ხელშიც გუნდმა ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. თბილისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს – მე-4 წუთზე „დინამო“ ულად-ომარ იმრანმა დააწინაურა, ხოლო 49-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილის გადაცემით თბილისელთა მაროკოელმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და სტუმართა უპირატესობა ორამდე გაზარდა.
რთულ ვითარებაში ჩავარდნილმა „ტორპედომ“ თამაშის გადასარჩენად შეტევა გააძლიერა და შედეგსაც მიაღწია. 62-ე წუთზე გუნდის კაპიტანმა, გიორგი კუხიანიძემ სხვაობა შეამცირა. ოთხ წუთში გიორგი არაბიძის დარტყმული კერესელიძემ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბუღრიძემ მცველებს დაასწრო და ანაგარიში გაათანაბრა – 2:2.
დარჩენილ დროში გუნდებმა რეალური საგოლე მომენტები შექმნეს. „დინამოს“ ერთ-ერთი შეტევის შემდეგ ეპიზოდი ვიდეორეფერიზე გადაამოწმეს და არბიტრმა „ტორპედოს“ კარში პენალტი დანიშნა, უსმანე კამარამ შანსი გოლად აქცია და „დინამოს“ სამი ქულა მოუტანა.
16 ტურის შემდეგ „დინამო თბილისს“ 28 ქულა აქვს და მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო „ტორპედო“ 20 ქულით ისევ მეექვსეა.