დღეს, 18 საათზე დუდუ დადიანის თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთის წინააღმდეგ თსუ და „კავკასია“ წარდგებიან.
პირველი ფინალისტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა. ლექსო ლაფანაშვილის, დიმიტრი ჭელიძისა და ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალში „ქუთაისი“ დაამარცხა – 95:73.
თსუ-მ დიდი დახმარება მიიღო ახალწვეული, გიორგი ცინცაძისგან, რომელმაც თსუ-ს შემადგენლობაში ამ სეზონში პირველად ითამაშა. ცინცაძე, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი და რეკორდსმენია (201 მატჩი), ტუნისურ „მონასტირთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. თსუ-ში ის წინა სეზონში ირიცხებოდა, მაგრამ სწორედ დუდუ დადიანის მემორიალზე მიღებული ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა.
ცინცაძემ არასრული 26 წუთი ითამაშა და 10 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. შედეგიანად ითამაშა ამერიკელმა ლეგიონერმა, ებრიან ედვარდსმა, რომელმაც 21 ქულა, 8 პასი, 5 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. საერთო სარგებლიანობით საუკეთესო იყო ბექა ბექაური, რომელმაც 22 ქულასთან ერთად 9 მოხსნაც ჩაიწერა. ქუთაისელთაგან საუკეთესო ლუკა მაზიაშვილი იყო – 22 ქულა, 8 პასი.
დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში გასულ თსუ-ს სუპერლიგის დებიუტანტი კავკასია შეუერთდა. ბექა წივწივაძის შედარებით ახალშექმნილმა გუნდმა „რუსთავი“ დაამარცხა – 90:79.
გამარჯვებულებს 22 ქულით ლევან გოგიჩაიშვილმა ულიდერა. 17 ქულა კრის მაკნილმა დააგროვა, ლევან ქვარცხავასა და ჯასტინ ფოსტერის ანგარიშზე კი 13-13 ქულა დაგროვდა. რუსთაველთაგან 16 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ანზორ ნადირაძე.