დაბრუნებული ჩაკვეტაძე და ბევრი ახალი სახე  ეროვნული ლიგიდან - სანიოლმა ნაკრებში ოქრიაშვილი, შენგელია და წიტაიშვილი არ მიიწვია #1TVSPORT
დაბრუნებული ჩაკვეტაძე და ბევრი ახალი სახე  ეროვნული ლიგიდან - სანიოლმა ნაკრებში ოქრიაშვილი, შენგელია და წიტაიშვილი არ მიიწვია #1TVSPORT

ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა და მნიშვნელოვანი ცვლილებები განანხორციელა. „ჯვაროსნების“ ფრანგმა დამრიგებელმა ეროვნული ჩემპიონატის წარმატებულ ფეხბურთელებს ნდობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

ეროვნული გუნდი 2 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე კოსოვოს უმასპინძლებს, 5 სექტემბერს ქალაქ ბადახოსში ესპანეთს შეხვდება, ხოლო 8 სექტემბერს სტუმრად ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდება – სამივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. მატჩისთვის მზადებას გუნდი 30 აგვისტოდან შავიზღვისპირეთში გაივლის.

უახლოესი სამი მატჩისთვის გამოძახებულ 26 ფეხბურთელში ვილი სანიოლმა ხუთი დებიუტანტი შეარჩია, რომელთაგან ოთხი საქართველოს ეროვნულ ლიგას წარმოადგენს – სამი ბათუმის „დინმოდანაა“ – სანდრო ალთუნაშვილი, ლადო მამუჩაშვილი და გიორგი ფანცულაია, რომლებმაც ეს ნდობა ეროვნულ ლიგასა და კონფერენს ლიგაზე კარგი თამაშით დაიმსახურეს.

ბათუმის „დინამო“ ბოლო წლებში პირველი გუნდია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 7 ფეხბურთელი გაუშვა – დასახელებული სამეულის გარდა, სანიოლის სიაში ასევე მოხვდნენ მეკარე ლაზარე კუპატაძე, მცველები გოგა ჩაბრაძე და ირაკლი აზაროვი, ასევე ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური. სანიოლმა ასევე მიიწვია „დინამო თბილისიდან“ 18 წლის საბა ხვადაგიანი. ეროვნული გუნდის შეკრებაზე პირველად გამოცხადდება ავსტრიული „ვოლფსბერგის“ შემადგენლობაში დამკვიდრებული ლუკა ლოჩოშვილი.

სასიხარულოა, რომ ნაკრებს ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელაც  ბელგიური „გენტის“ შემადგენლობაში ზედიზედ მესამე მატჩში გამოჩნდა და ქართველი გულშემატკივარი დააიმედა – ბოლო ორ წელიწადში ასეთი რამ არ მომხდარა, გიორგი თამაშობდა, მაგრამ ამ პერიოდში ტრავმამ თავი მინიმუმ ოთხჯერ შეახსენა.

ვისი არყოფნაა თვალშისაცემი? მეკარე გიორგი მაკარიძეს სანიოლი არ წყალობს და ზედიზედ მეორე შეკრებაა, აღარ იწვევს. სიაში არც საბა კვირკველიაა, რომლის გარეშეც ორი წლის წინ საქართველოს ნაკრები წარმოუდგენელი იყო, მაგრამ უგუნდოდ დარჩენილი და ფორმიდან ამოვარდნილი მცველი თამაშგარეთ დარჩა.

ასევე არ არის თორნიკე ოქრიაშვილი, რომელიც წელს ნიქოზიასაპოელში“ გადავიდა, მაგრამ ჯერ სასურველ ფორმაში არ შესულა. შეკრებაზე ასევე არ იქნებიან ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი (პოზნანისლეხი“), თავდამსხმელები ბუდუ ზივზივაძე (უნგრული „ფეჰერვარი“) და ბელგიაში დაბრუნებული ლევან შენგელია („ლევენი“). ასევე არ არიან უგუნდო ვაკო გვილია და ტრავმირებული ლაშა დვალი (უნგრეთი, „ფერენცვაროში“) და გიორგი ბერიძე (უნგრეთი, „უიპეშტი“).

ყველაზე მეტ გაოცებას სიაში გიორგი წიტაიშვილის არყოფნა იწვევს. კიევის „დინამოდან“ ოდესის „ჩერნომორეცში“ განათხოვრებული 21 წლის თავდამხმელმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ნაკრებში მისი ხილვა გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებდა, მაგრამ, ამჯერად სანიოლმა არ მიიწვია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გოგა ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), ლადო მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ფანცულაია (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მატჩების განრიგი

2 სექტემბერი, ბათუმი. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი

საქართველო – კოსოვო 20:00

5 სექტემბერი, ბადახოსი. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი

ესპანეთი – საქართველო 22:45

8 სექტემბერი, სოფია ამხანაგური მატჩი

ბულგარეთი – საქართველო 20:30