დაბრუნება რვათვიანი პაუზის შემდეგ - ლაკვეხელიანმა „პუშკაშის აკადემიის“ წინააღმდეგ ითამაშა #1TVSPORT
უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „პუშკაშის აკადემიამ“ „მეზოკოვეშდს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ეს მატჩი მნიშვნელოვანი იმით იყო, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ „მეზოკოვეშდს“ ლუკა ლაკვეხელიანი დაუბრუნდა.
„პირველი ოფიციალური წუთები ტრავმის შემდეგ“, – ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და „საბურთალოს“ ყოფილი მცველი ნანატრ დაბრუნებას.
ლუკა ლაკვეხელიანმა 2021 წელს მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანს წლის ბოლოს დაუბრუნდა. მაგრამ 12 დეკემბერს, უნგრეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში „კიშვარდასთან“ საშინაო შეხვედრაში მძიმედ დაშავდა და შესვენების შემდეგ მოედანი დატოვა, მერე კი გაირკვა, რომ ჯვარედინი იოგები დაიზიანა.
უნგრეთის ჩემპიონატში უკვე 6 ტური გაიმართა და ლუკა ლაკვეხელიანი წინა ხუთივე შეხვედრაში „მეზოკოვეშდის“განაცხადში იყო. მაგრამ სეზონის დაწყების შემდეგ პირველად „პუშკაშის აკადემიასთან“ შეხვედრის 83-ე წუთზე გამოჩნდა, შანდორ ვაიდა შეცვალა და ბოლო წუთებზე სახიფათო შეტევა წამოიწყო.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ლუკა ლაკვეხელიანი „საბურთალოს“ აღზრდილია და უნგრულ კლუბში 2020 წელს გადავიდა და 18 მატჩი ჩაატარა. იყო საქართველოს ყველა ასაკის ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნული გუნდის კანდიდატი.