დაბრუნება ფეხბურთში და ყოფილ კლუბში - ვაჩიბერაძე „ჩერნომორეცში“ ჩაირიცხა #1TVSPORT
დაბრუნება ფეხბურთში და ყოფილ კლუბში - ვაჩიბერაძე „ჩერნომორეცში“ ჩაირიცხა #1TVSPORT

ოდესის „ჩორნომორეცმა“ ბექა ვაჩიბერაძესთან კონტრაქტი გააფორმა. 25 წლის ნახევარმცველი 20-ნომრიანი ფორმით ითამაშებს, – ინფორმაციას უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ბექა ვაჩიბერაძემ გუნდის ფორმა უკვე მოირგო – უკრაინის ჩემპიონატის პირველ ლიგის მე-16 ტურში „ჩერნომორეცმა“ საკუთარ მოედანზე კრამატორსკის „ავანგარდს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა, ბექა კი მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა.

ვაჩიბერაძე 1996 წელს ქუთაისში დაიბადა და სხვათა შორის, გუშინ, 5 მარტს 25 წლის გახდა. 11 წლის იყო, როდესაც უკრაინაში წავიდა და სწორედ ოდესის „ჩერნომორეცის“ საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც 2007–2011 წლებში ვარჯიშობდა.

2011 წელს დონეცკის „შახტარის“ აკადემიის სელექციონერებმა შენიშნეს – გულშემატკივრებმა სწორედ აქედან გაიცნეს. ითამაშა „შახტარის“ 19-წლამდელთა გუნდში, რომლის ფორმითაც 2015 წელს იუნიორთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ასევე იყო „შახტარი 3“-ის წევრი, გამოდიოდა „რეალ ბეტისი B“-ში, ლატვიური „რიგაში“, ბოლოს კი ბელგიურ „ლომელში“.

2011 წლიდან იწვევდნენ უკრაინის სხვადასხვა ასაკის ნაკრებში. 2015 წლიდან უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობს, სადაც გუნდის კაპიტანი იყო. უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში სულ 53 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

2017 წლის ნოემბერში საფეხბურთის მოქალაქეობა შეიცვალა და საქართველოს პასპორტი მიიღო. თავად ფეხბურთელის აზრით, ამის მიზეზი, იყო ის, რომ უკრაინის ფეხბურთში ბევრი პოლიტიკა გამოჩნდა. ის საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ ფიფა თამაშის უფლებას კარგა ხანი არ აძლევდა და ამის გამო „ჯვაროსნებში“ არ უთამაშია.