დააფიქსირეს დელფინი, რომელმაც სხვა სახეობის ობოლი ნაშიერი იშვილა - პირველად ისტორიაში
დააფიქსირეს დელფინი, რომელმაც სხვა სახეობის ობოლი ნაშიერი იშვილა - პირველად ისტორიაში

ბოთლცხვირა დელფინები (Tursiops) ყურადღებიანი და მოქნილი მშობლები არიან. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი ნაშიერების გადარჩენაც. იშვიათ შემთხვევებში მათ შვილად აჰყავთ სხვა დელფინთა ნაშიერებიც. პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა დააფიქსირეს დედა დელფინი, რომელიც სხვა სახეობის პატარა ობოლზე საკუთარი შვილივით ზრუნავს.

ამ უჩვეულო ბოთლცხვირა დელფინს (Tursiops truncatus) მეცნიერები საფრანგეთის პოლინეზიაში სამ წელიწადზე მეტხანს აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში, ნესვისთავა დელფინის (Peponocephala electra) ნაშიერს ის თავის ბიოლოგიურ შვილთან ერთად ზრდიდა.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს უნიკალური შემთხვევა დელფინებში უპრეცედენტოა და მხოლოდ მეორე დადასტურებული შემთხვევაა ველურ ბუნებაში, როცა ერთმა სახეობამ სხვა გვარის წარმომადგენლის ნაშიერი იშვილა. ერთი შემთხვევა 2006 წელს დაფიქსირდა, როდესაც პრიმატოლოგებმა შენიშნეს ორი კაპუცინი დედა მაიმუნი, რომლებიც ჩვილ ანთარს ზრდიდნენ.

ბოთლცხვირა დელფინები ერთ შვილს აჩენენ და მასზე ექვს წლამდე ზრუნავენ. შესაბამისად, კიდევ ერთი ნაშიერის აყვანა საკმაოდ დიდი შეზღუდვაა როგორც დედის, ისე მისი ბიოლოგიური შვილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ბოთლცხვირა დელფინები ხანდახან სხვა სახეობის ნაშიერებს იტაცებენ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მდედრს საკუთარი შვილის გაჩენა არ შეუძლია.

თუმცა, რანგიროას ატოლის ბოთლცხვირა დელფინთა საზოგადოებაში რაღაც აუხსნელი ხდება. 2014 წელს თავის პირველ ნაშიერთან ერთად გადაიღეს მდედრი დელფინი, რომელმაც ორი თვის შემდეგ კიდევ ერთი – ერთი თვის დელფინი შეიერთა.

ვინაიდან დედა დელფინს უკვე ჰყავდა საკუთარი ნაშიერი, მკვლევართა აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მას ახალი ნაშიერი მოეტაცა.

მართალია, არანაირი გენეტიკური მონაცემები არ აქვთ, მაგრამ მეცნიერებმა გარკვეული დეტალების გარკვევა მაინც შეძლეს. მეორე ნაშიერი მამრი იყო, ჰქონდა წაწვეტებული პროფილი, მომრგვალებული თავი და ბლაგვი პირი, პექტორალური ფარფლები, მუქი პიგმენტაცია და მოთეთრო მახასიათებლები ყელსა და შარდსასქესო ზონას შორის; ყველა ეს მორფოლოგიური მახასიათებელი ნესვისთავა დელფინებს აქვთ.

ერთი წლის შემდეგ, მკვლევრები ნათლად ხედავდნენ, როგორ კვებავდა აღმზრდელი დედა ნაშვილებ დელფინს, რომელიც მის ქვეშ ახალგაზრდისთვის დამახასიათებელ პოზიციაში ცურავდა. გარდა ამისა, მრავალ შემთხვევაში დაფიქსირდა ისიც, როგორ აგდებდა დედამისის მუცლიდან ნაშვილები დელფინი თავის დას.

2015 წლის ბოლოსა და 2016 წლის დასაწყისში, ბიოლოგიური შვილი გაუჩინარდა. დაზუსტებით არავინ იცის, რა მოხდა, მაგრამ მკვლევართა აზრით, გაუჩინარების მიზეზი იყო შეჯიბრი ნაშვილებ ნაშიერთან, რაც განაპირობებდა არასაკმარის დედობრივ მზრუნველობას.

მკვლევართა აზრით, შვილად აყვანის ამ უიშვიათესი შემთხვევის მიზეზი, შესაძლოა დელფინის დედობრივი გამოუცდელობა იყოს. გარდა ამისა, ეს დელფინი მეგობრულობით გამოირჩეოდა მყვინთავებისადმი და სავარაუდოა, რომ ის უფრო ტოლერანტულია სხვა სახეობების მიმართაც. გამომდინარე აქედან, შესაძლოა ახალშობილი სხვა მდედრმა მოიპარა, შემდეგ კი ამ კონკრეტულმა დედამ აიყვანა.


დაკვირვებათა შედეგად გაირკვა, რომ ახალგაზრდა ნესვისთავა დელფინი კარგად ინტეგრირდა თავის მიმღებ საზოგადოებაში – ცურავს და ხტუნავს ბოთლცხვირა დელფინებთან ერთად, სოციალიზდა ამ სახეობის ახალგაზრდებთან.

მკვლევართა განცხადებით, თუ ის ძუძუდან მოშორების ასაკამდე მივა, დიდად სავარაუდოა, რომ არსებობას ბოთლცხვირა დელფინების ცხოვრებით გააგრძელებს.

კვლევა ჟურნალ Ethology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.