ცვლილებები ძიუდოს წესებში
ცვლილებები ძიუდოს წესებში

12-15 იანვარს ავსტრიის საკურორტო ქალაქ მიტერსილში ძიუდოისტთა წლის
პირველი კემპის პარალელურად გაიმართა IJF-ის მასშტაბური სემინარი მსაჯებისა
და მწვრთნელებისთვის, რომელსაც ძიუდოს სამყაროს უამრავი წარმომადგენელი
ესწრებოდა მთელი მსოფლიოდან.

საზოგადოებას გააცნეს ახალი წესები და აუხსნეს ნიუანსები, რომლებიც ამ
წესების ცვლილებას ახლავს თან.

სემინარს ქართველი საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები ვლადიმერ ნუცუბიძე
და მერაბ ლოსეურაშვილიც ესწრებოდნენ.

მოკლედ გაგაცნობთ რამდენიმე ცვლილებას, რომლებიც ძალაში შევა უახლოესი
ტურნირებიდან.

ორი ვაზარი იპონია.
დამატებით დროში შიდო არ იგებს.

შეხვედრის მოსაგებად დამატებით დროში აუცილებელია გდების შესრულება.
შიდოების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
რომელიმე ძიუდოისტს დაუგროვდება სამი შიდო. ასეთი ძიუდოისტი
გამოცხადდება დამარცხებულად.

იკრძალება დგომიდან მახრჩობელა და მტკივნეული ილეთების წამოწყება და
გაკეთება.

ასეთ შემთხვევაში შეხვედრა გაჩერდება და შემტევ ძიუდოისტს მიეცემა
გაფრთხილება. შესაბამისად იკრძალება ხელის გადატრიალებით, მკლავის
ჩაკეტვით და ძალის გამოყენებით დგომიდან მეტოქის იძულებით გადაყვანა
ქვეჭიდში. ასევე იკრძალება ე.წ. შეხტომით მტკივნეულის გაკეთება ( Flying juji
gatame ), რასაც საკმაოდ წარმატებულად აკეთებდა ზებედა რეხვიაშვილი და
არაერთი სხვა ძიუდოისტი.

აიკრძალა მტკივნეული თუ მახრჩობელა ილეთის ქვეჭიდში შესრულებისას
წამოდგომა და ილეთის გაგრძელება დგომში. იმ საბაბით, რომ ქვეჭიდში
სპორტსმენს რამდენიმე ვარიანტი აქვს – შეუძლია გადატრიალდეს, თავი
დაიძვრინოს, ანაც დანებდეს ხელის დარტყმით. დგომში კი ამის შესაძლებლობა
ნაკლებად აქვს, რაც ზრდის ტრავმის მიღების ალბათობას. ამ შემთხვევაში
შეხვედრა შეჩერდება, სასჯელის გარეშე.

დასაშვები ხდება ქვეჭიდიდან წამოდგომა და დინამიკაში შედეგიანი გდების
შესრულება.

აქამდე თუ ქვეჭიდიდან წამოდგომისთანავე მსაჯი შეხვედრას აჩერებდა მატეთი,
ამიერიდან ასე აღარ იქნება. შესაბამისი საბაბის არარსებობის შემთხვევაში
შეხვედრა გრძელდება და წამომდგარ ძიუდოისტს შეეძლება შედეგიანი გდების
შესრულება.

ილეთი – კონტრილეთი

ილეთზე კონტრილეთის შესრულების დროს თუ აქტიური ძიუდოისტი
პირველად თვითონ დაეცემა ზურგზე და მეტოქეს შემდეგ გადააგდებს, ილეთი არ
შეფასდება და შეხვედრა გრძელდება.
თუ ძიუდოისტმა მეტოქე კონტრილეთზე დაიჭირა და ორივე წავიდა ტატამისკენ,
იმისათვის, რომ კონტრილეთის შემსრულებელ სპორტსმენს გდება შეუფასდეს,
იგი არ უნდა დავარდეს ზურგზე.
ეს რეგულაცია ეხება მხოლოდ კონტრილეთის შესრულების შემთხვევებს.
ყველა სხვა შემთხვევაში ე.წ. თვითშეწირვის ილეთის შესრულებისას ( Tomoe nage,
Ura nage, Sumi gaeshi და სხვა), რომლებიც კეთდება ზურგის გამოყენებით არაფერი
შეცვლილა და ბუნებრივია წარმატებული გდება ჩაითვლება.

ქვეჭიდში ფეხის გაჭიმვა აკრძალულია

როდესაც დგომიდან ძიუდოისტს მეტოქე გადაჰყავს ქვეჭიდში, ცდილობს
მტკივნეულის გაკეთებას, ერთი ხელით კისერი უჭირავს და მეორე ხელით ფეხს
უჭიმავს, მსაჯი მომენტალურად გააჩერებს შეხვედრას და შემტევი ძიუდოისტი
გაფრთხილებას მიიღებს.
აღწერილ პოზიციაში დასაშვებია ხელის მოკიდება ფეხზე მუხლის სახსარში.
მუხლს ქვემოთ კოჭის მიმართულებით ხელის მოკიდება და მეტოქის ფეხის
გაჭიმვა ისჯება შიდოთი.
ძირითადი ან მეორადი ნებისმიერი მტკივნეული ილეთი ფეხის სახსრებზე
დასჯადია.

ორმაგი ჰანსოკუმაკე

ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ამიერიდან შესაძლებელი ხდება, რომ შეხვედრაში
ორივე ძიუდოისტი პასიურობისა და მესამე შიდოს მიღებისთვის ერთდროულად
მოიხსნას შეჯიბრიდან (ძველი წესებით შეხვედრა გადადიოდა დამატებით
დროში).
ამ წესის შემოღების მიზანია – სპორტსმენები არ იყვნენ პასიურნი და გრძნობდნენ,
რომ ასეთ შემთხვევაში მკაცრად დასჯის შესაძლებლობა არსებობს.
თუ ასეთი შემთხვევა ტურნირის პირველ, მეორე ან მესამე წრეში მოხდა ორივე
ძიუდოისტი იხსნება ტურნირიდან.
მეოთხედფინალის შემთხვევაში ორივე გავა მე-7 ადგილზე და იმ კონკრეტულ
ტურნირს ეყოლება 3 მეშვიდეადგილოსანი.
ნახევარფინალში თუ მოიხსნებიან ორივე დაიკავებს მე-5 ადგილს და იმ
კონკრეტულ ტურნირს ეყოლება 3 მეხუთეადგილოსანი.
ფინალური შეხვედრის შემთხვევაში ორივე მიიღებს ვერცხლის მედალს.

ჩავლება ( Bear hug )

დაუშვებელია მეტოქეზე მივარდნა და ხელების შემოხვევით გდების გაკეთება
პირველადი ჩავლების გარეშე.
ასეთ შემთხვევაში შემტევ ძიუდოისტს მიეცემა გაფრთხილება.
მოქმედება რომ ლეგალურად ჩაითვალოს აუცილებელია შემტევ სპორტსმენს
აღებული ჰქონდეს მინიმუმ ერთი ჩავლება.
ხელის მიდება საკმარისი არ არის.
დასაშვებია რეალური ჩავლების აღებისთანავე მომენტალურად ხელების
შემოხვევა და გდების შესრულება.

მკაცრდება ამუნიციის კონტროლი, გარდა სახელოების სიგრძისა შემოწმდება
ასევე კიმონოს სიგრძეც.

შიდო-ჰანსოკუმაკე

თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად გადადის თავზე და
ეყრდნობა ერთ ან ორივე ფეხს, შეხვედრა ჩერდება და მეტოქეს უფიქსირდება
სუფთა მოგება – იპონი.
თუ გდებისას სპორტსმენი ზურგზე დაცემის ასაცილებლად იყენებს თავს,
ტრიალდება თავზე, ცვლის მიმართულების კუთხეს და ეცემა გვერდზე ან
მუცელზე, შეხვედრა ჩერდება, მეტოქეს უფიქსირდება სუფთა გამარჯვება, ხოლო
აღნიშნული სპორტსმენი იხსნება შეჯიბრიდან – ჰანსოკუმაკე.
მკაცრდება გაფრთხილებები არატრადიციული ჩავლებებზე (ცალმხრივი,
ჯვარედინი, ქამრის, „პისტოლეტის“, ჯიბის, თითების სახელოში შეყოფით).
ამიერიდან, მსგავსი ჩავლების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივი
შეტევა.
ასევე განხილულ იქნა შემთხვევები თუ როდის შეიძლება ძიუდოისტს მიეცეს
გაფრთხილება მეტოქეზე არალეგალურად მიწოლისა და ტატამიდან გაყვანის
შემთხვევაში, როდის შეიძლება მიეცეს გაფრთხილება ჩახვეული ფეხის
არალეგალურად გამოყების შემთხვევაში და ა. შ.
ზოგადად კანონმდებლები შეთანხმდნენ შემდეგზე: – თუ სპორტსმენი ასრულებს
ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც წესებით არის აკრძალული, და თუ
ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის ხიფათის შემცველი არ არის – შემტევი
ძიუდოისტი მიიღებს გაფრთხილებას – შიდო.
– თუ სპორტსმენი ასრულებს ნებისმიერ ისეთ გდებას ან ქმედებას, რომელიც
წესებით არის აკრძალული და თუ ეს ქმედება მეტოქის ჯანმრთელობისთვის
ხიფათის შემცველია, მაშინ შემტევი ძიუდოისტი იღებს დისკვალიფიკაციას –
ჰანსოკუმაკე და იხსნება შეჯიბრიდან.

IJF-ის ოფიციოზის თქმით, განვითარებაზე მუდმივი ფიქრი და წესებში
ცვლილებები ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს – ძიუდო გახდეს ადვილად
გასაგები და აღსაქმელი როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე რიგითი
გულშემატკივრებისთვის მთელს მსოფლიოში.

არაფერი ემუქრება ძიუდოს პრინციპებს, თუმცა წესები, ისევე როგორ სპორტის
მრავალ სახეობაში, განიცდიან მუდმივ პროგრესს და ცვლას ისევ და ისევ
ჭიდაობის ამ ლამაზი სახეობის სასიკეთოდ.
შეცვლილ წესებს, ისევე როგორც მთელი გასული წლის მანძილზე, ახლაც
დააკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში კვლავაც იქნება ცვლილებები.

წესებში ცვლილებები დაამუშავა ირაკლი ხმელიძემ, საერთაშორისო
კატეგორიის მსაჯის ვლადიმერ ნუცუბიძის რედაქტირებით.

წყარო: საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვებგვერდი