მოსკოვის ცსკა-ს ყოფილმა მცველმა და ამჟამად საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ოლეგ კორნაუხოვმა პეტერბურგში „ზენიტთან” ყაზანის „რუბინის“ (2:1) მოგებაზე კომენტარი გააკეთა.
მართალია, მისი გამოსვლის მიზანი რუსეთის ჩემპიონატის ქება იყო. ჩვენთვის კი მისი კომენტარის ის ნაწილია საინტერესო, სადაც საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ თავდამსხმელს, 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიას ეხება.
ვეტერანმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ამ წაგების შემდეგ 2018 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და „ლივერპულის“ ყოფილი მცველი, „ზენიტში“ გადასული ხორვატი დეჟან ლოვრენი რუსეთის ჩემპიონატს ახლა უფრო სერიოზულად მოეკიდება.
„ბოლო ორი თამაშის შემდეგ, „ბრიუგესთან” და ახლა „რუბინთან“ ლოვრენი არ შეხედავს რუსეთის ჩემპიონატს ისე ზემოდან, როგორც ამას ჩამოსვლის დროს აკეთებდა. ახლა ხვიჩამ (კვარაცხელიამ) ის ოდნავ დააბნია და თამაში არ გამოუვიდა. ვფიქრობ, ახლა ის სერიოზულად მიიღებს ჩვენს ჩემპიონატს”, – თქვა კორნაუხოვმა „მატჩ ტვ“-ის ეთერში.
დეიან ლოვრენმა რუსი სპეციალისტები და გულშემატკივრები იმით გააბრაზა, რომ „ზენიტში“ გადასვლის დროს რუსეთის ჩემპიონატზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა – „ეს ჩემთვის უბრალო ჩემპიონატია“.
31 წლის ხორვატმა კარიერა ზაგრების „დინამოში“ დაიწყო, 2010 წელს ფრანგულ „ლილში“ გადავიდა, 2013 წელს „საუთჰემპტონმა“ შეიძინა და ინგლისის პრემიერლიგაში პირველი წარმატებული სეზონის შემდეგ „ლივერპულში“ მოხვდა, სადაც 2014-2020 წლებში 131 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
არის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (2019) და ფინალისტი (2018), ასევე ევროპის ლიგის ფინალისტი (2016). ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში 2018 წელს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.