„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ პირველი გოლი ლეგიონერმა გაიტანა - „საბურთალომ“ სეზონი ისევ მოგებით დაიწყო [ფოტო]
„Crystalbet ეროვნული ლიგა “დღეს, „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ დაპირისპირებით გაიხსნა – მიხეილ მესხის სტადიონზე გამართული ეს მატჩი დაძაბულად წარიმართა და თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით – 1:0 დასრულდა.
პირველი ტაიმი ბათუმელებმა უკეთ ჩაატარეს და ანგარიშის გახსნა სამჯერ შეეძლოთ. მაგრამ გაბრიელ რამოსმა და ნიკა საბანაძემ ამ შანსებით ვერ ისარგებლეს, „საბურთალო“ მეკარე ომარ მიგინეიშვილმა კი მშვენიერი რეაქცია გამოავლინა.
მეორე ნახევარი „საბურთალომ“ უკეთ დაიწყო, უფრო აგრესიულად შეუტია და მეტოქის წინააღმდეგობა მაინც დასძლია: „Crystalbet ეროვნული ლიგის“ პირველი გოლი ოგნიენ როლოვიჩმა გაიტანა. 25 წლის მონტენეგროელი თავდამსხმელის გოლი ერთადერთი გამოდგა და შეხვედრა ასეც დასრულდა – სეზონში პირველი გამარჯვება მოქმედმა ჩემპიონმა „საბურთალომ“ მოიპოვა – 1:0.
აღსანიშნავია, რომ „საბურთალო“ მთავარ ქართულ ლიგაში 2015 წლიდან გამოდის და მას შემდეგ სეზონის პირველ შეხვედრას მუდამ იგებს.
„Crystalbet ეროვნული ლიგის“ პირველი ტურის დანარჩენი მატჩები ხვალ და ზეგ გაიმართება:
შაბათი, 2 მარტი
ლოკომოტივი – რუსთავი
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
ტორპედო – სიონი
20:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
კვირა, 3 მარტი
დინამო თბ – ჩიხურა
18:00. დინამო არენა – თბილისი
დილა – ვიტ ჯორჯია
20:00. თენგიზ ბურჯანაძე – გორი