„ცრვენა ზვეზდამ“, მიქაუტაძის ნაცვლად. მისი კონკურენტი დაიმატა - კრასო აზაროვის თანაგუნდელი გახდა #1TVSPORT
ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ ირაკლი აზაროვის თანაგუნდელი საფრანგეთის ლიგა 2-ის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ჟან-ფილიპ კრასო გახდა, რომელიც ბომბარდირობისთვის ბრძოლაში გიორგი მიქაუტაძის კონკურენტი იყო – ინფორმაციას Door Fans Voor Fans-ი ავრცელებს.
25 წლის ჟან-ფილიპ კრასო საფრანგეთის ფარგლებს გარეთ ბედს პირველად ცდის. „სენტ ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირი ბელგრადის „ცრვენა ზვეზდასთან“ კონტრაქტს თავისუფალი აგენტის სტატუსით გააფორმებს.
კრასო ლიგა 2-ის ბომბარდირებს პირველ წრეში და საგაზაფხულო ეტაპის დასაწყისში ლიდერობდა, მაგრამ საბოლოოდ 17 გოლით (პლუს 12 საგოლე გადაცემა) მესამე ადგილზე გავიდა, ბომბარდირი კი გიორგი მიქაუტაძე (23 გოლი) გახდა, რომელსაც „მეცში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა.
„სენტ ეტიენმა“ გულშემატკივრები იმედგაცრუებული დატოვა, რადგან ლიგა 1-ში გადასვლისთვის მებრძოლმა გუნდმა საბოლოოდ სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა. „ცრვენა ზვეზდას“ კი გასულ სეზონში თამაში არ წაუგია და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
Door Fans Voor Fans-ის ცნობით, სერბეთის ჩემპიონსა და თასის მფლობელს თავიდან გიორგი მიქაუტაძის აყვანა სურდა და „მეცთან“ მოლაპარაკება დაიწყო, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა ხუთი მილიონი ევრო მოითხოვა, რასაც ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ვერ შესწვდა და ბოლოს არჩევანი კრასოზე შეაჩერა.