ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესზე გამომძიებელ ირაკლი ფიფიას ჩვენების დემონსტრირება მოხდა
ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებულის სასამართლო პროცესზე გამომძიებელ ირაკლი ფიფიას ჩვენების დემონსტრირება მოხდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის ბრალდებულ დ.ღ-ს სასამართლო პროცესზე გამომძიებელ ირაკლი ფიფიას ჩვენების დემონსტრირება მოხდა.

საუბარია ჩვენებაზე, რაც მან დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის ფარგლებში დეპუტატებს მისცა. ასევე მოხდა სხვა სამართალდამცველების ჩვენების დემონსტრირებაც.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო, თუმცა, დაცვის მხარეს მაინც აქვს უფლება, სასამართლოში საკუთარი მტკიცებულებები წარადგინოს, მოახდინოს მათი დემონსტრირება და არა გამოკვლევა. დაცვის მხარის განცხადებით, ჩვენებებით დგინდება, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიება არასრულყოფილად წარიმართა, იყო არაერთი დარღვევა, რამაც საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას ხელი შეუშალა.

დ.ღ-ს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემა ედება ბრალად. ის 6-თვიანი პატიმრობის შემდეგ, რამდენიმე კვირის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

როგორც ადვოკატი ფრიდონ სუხიაშვილი აცხადებს, ჩვენებებიდან ცალსახად დადასტურდა, რომ გამოძიებამ და გამომძიებლებმა არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ.

„დღევანდელ პროცესზე ისევ ჩვენი მტკიცებულებების დემონსტრირება მოხდა. გამომძიებელ ირაკლი ფიფიას  ჩვენებებიდან ცალსახად დადასტურდა, რომ გამოძიებამ და გამომძიებლებმა არ იცოდნენ, რა უნდა გაკეთებინათ. პირველივე დღიდან არ მოხდა მოწმეების დაკითხვა და ნივთიერი მტკიცებულებების ამოღება. არ არიან დაკითხული ეზოს მცხოვრებლები”, – განცხადა სუხიაშვილმა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალდების პოზიციას, საქმის პროკურორი აცხადებს, რომ ჩვენებები, რომელიც  დეპუტატებს გამომძიებლებმა მისცეს, არ არის კავშირში არასრულწლოვანი დ.ღ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან.

„ხსენებული ვიდეოები რაიმე ფაქტობრივ გარემოებას ბრალდებულთან დაკავშირებით არ ადასტურებს და არც უარყოფს. დღევანდელ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულება მივიჩნიეთ უდაოდ და იქ გაჟღერებული გარემოებები მოცემულ საქმესთან მიმართებაში კავშირში არ არის”, – განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.