Corriere dello Sport-ი - პსჟ მზად არის, „ნაპოლის“ ლიდერებზე 250 მილიონი ევრო დახარჯოს #1TVSPORT
პსჟ კილიან მბაპეს წასვლას შეეგუა და ფრანგი თავდამსხმელის შეცვლას „ნაპოლის“ ძლიერი შემტევი დუეტით, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის დამატებით აპირებს და მზად არის, მათ ტრანსფერში იტალიურ კლუბს ფანტასტიკური თანხა, 250 მილიონი გადაუხადოს, – ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
„პარიზელებს ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯარაში“ ნეაპოლიტანური კლუბის ორი ლიდერის დამატება სურთ – ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის. „ნაპოლის“ პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის ფინანსური მოთხოვნები პსჟ-ს სულაც არ აწუხებს და ვრცელდება ინფორმაცია, რომ იტალიური კლუბის ლიდერებთან კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია.
საერთო ჯამში, პარიზულ კლუბს ორი მოთამაშის ტრანსფერში 240-260 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ვინაიდან კვარაცხელიასა და ოსიმენის კონტრაქტების გამოსყიდვა დაახლოებით 120-130 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პსჟ ნიგერიელ თავდამსხმელს თვალს ადევნებს და მას, დიდი ხანია, პარიზელებთან აკავშირებენ, მაგრამ საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა სულ ცოტა ხნის წინ ყურადღება ქართველ ფეხბურთელზე გადაიტანა“, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა.