Corriere dello Sport -„ნაპოლი“კვარაცხელიას ტრანსფერში 8 მილიონს გადაიხდის [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლაზე იტალიური მედია ისე წერს, როგორც განხორციელებულ ტრანსფერზე და ყოველდღიურად ახალ დეტალებს ავრცელებს. ცნობილი გამოცემა Corriere dello Sport ამტკიცებს, რომ სატრანსფერო თანხა დაზუსტდა.
„ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე „ნაპოლი“ აქტიურად მუშაობს. ფეხბურთელი მანამდე ყაზანის „რუბინში“ თამაშობდა. იტალიური კლუბი მზადაა 21 წლის ქართველისთვის 8 მილიონი ევრო გადაიხადოს“, – ამტკიცებს Corriere dello Sport.
გამოცემა ასევე წერს, რომ კვარაცხელია იტალიაში გადასვლის პერსპექტივას დადებითად უყურებს და „ნაპოლისთან“ პირობები თითქმის შეთანხმებულია. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიელები მზად არიან ხვიჩას 5-წლიანი კონტრაქტი შესთავაზონ.
კვარაცხელიამ სეზონი ყაზანის „რუბინში“ დაიწყო. მარტის ბოლოს რუსულმა კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელმა ხელშეკრულება შეაჩერა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ კვარაცხელიამ „რუბინთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ხვიჩა კვარაცხელია „დინამო თბილისის“ აღზრდილია, ყაზანის „რუბინში“ „რუსთავიდან“ 2019 წელს გადავიდა. ინტერნეტპორტალი Transfermarkt საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის ღირებულებას 16 მილიონ ევროდ აფასებს.