Corriere dello sport - კვარაცხელიას გოლის აღნიშვნამ „ნაპოლის“ ყოფილი თავდამსხმელი გაახარა #1TVSPORT
გამოცემა Corriere dello sport-ი გამოეხმაურა კვიპროსთან საქართველოს ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლის აღნიშვნას. ჟურნალისტმა გაიხსენა, რომ პირველად ეს ჟესტი (გოლის შემდეგ ისრის გამოსახვა) „ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, ემანუელე კალაიომ გააკეთა. ქართველის ჟესტმა კალაიოც ძალიან გაახარა.
„ქართველმა თავდამსხმელმა კვიპროსის წინააღმდეგ გოლით, პასითა და ახლებური აღნიშვნით გამოიჩინა თავი.
საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ მატჩში კვიპროსი (4:0) დაამარცხა. „ნაპოლის“ ფეხბურთელმა, კვარაცხელიამ ჩაკვეტაძის პასით გაიტანა. მოედნის დატოვებამდე კი ხვიჩამ საგოლე გადაცემა თავადაც შეასრულა და ანგარიში 3:0 გახადა.
საინტერესოა ხვიჩას გოლის აღნიშვნა. მან მშვილდოსანი გამოსახა ემანუელე კალაიოს მსგავსად. „ნაპოლის“ ყოფილი თავდამსხმელიც გოლებს ამ სტილში ზეიმობდა“, – წერს იტალიური გამოცემა.
მომხდარს ემანუელ კალაიო მაშინვე „ინსტაგრამზე“ გამოეხმაურა, გახარებული ქართველის ფოტო გამოაქვეყნა და არ დამალა, რომ კვარაცხელიას ამ ჟესტმა გაახარა: „ძლივს ვიკავებ ცრემლებს“, – წერს ყოფილი ფეხბურთელი.
ემანუელე კალაიო 2005 წლის იანვარში გადავიდა „ნაპოლიში“, რომელიც იმ დროისთვის იტალიის მესამე დივიზიონის, სერია C1-ის კლუბი იყო. მისი დახმარებით „პარტენოპეი“ სერია A-ში დაწინაურდა და ლიგაში ადგილის დამკვიდრება მოახერხა, თუმცა კლუბში მარსელო სალაიეტასა და ეზეკიელ ლავეცის მისვლის შემდეგ, კალაიომ პირველ გუნდში ადგილი დაკარგა და 2008 წელს „სიენაში“ გადაბარგდა.