Corriere dello Sport - კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენის“ სამიზნეშია, მაგრამ იტალიელებს ქართველი „მარგალიტის“ შენარჩუნება სურთ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენი“, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნით შოკირებულია, უკვე სამომავლო გეგმებზე ფიქრობს და, ვიქტორ ოსიმენის შემდეგ, მიზნად ისახავს „ნაპოლის“ სხვა „მარგალიტის“, ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებას, რომელმაც ყველა მოხიბლა, მაგრამ იტალიური კლუბი მზადაა, ქართველი ტალანტი შეინარჩუნოს, – ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
„პარიზელებმა კვარაცხელია კილიან მბაპეს შესაძლო შემცვლელთა სიაში შეიყვანეს. „ნაპოლის“ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი კონკრეტულია, მაგრამ ნეაპოლიტანური კლუბისგან მისი დამატება სულაც არ იქნება იოლი.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი ამჟამად მოლაპარაკებებს კვარაცხელიას კონტრაქტის გასაგრძელებლად მართავს და მოთამაშის აგენტს და მამას შეხვდა. მისი სურვილია, დაბლოკოს თავისი „მარგალიტი“, რადგან კვარაცხელიას უზარმაზარ ღირებულებას აცნობიერებს.
„ნაპოლიმ“ გარკვევით თქვა, რა ღირს კვარაცხელიას ტრანსფერი – მისი ფასი 100 მილიონ ევროზე მეტია. საუბარია ციფრებზე, რომლებიც 120-დან 130 მილიონამდე მერყეობს, რაც შეესაბამება გუნდის სხვა წამყვანი მოთამაშის შეფასებას, როგორიცაა ვიქტორ ოსიმენი.
ამდენად, პსჟ-ს მოუწევს, გაუმკლავდეს „ნაპოლის“ დიდ მოთხოვნებს, თუკი კვარაცხელიას ეიფელის კოშკის ჩრდილში ხილვა სურს. მოლაპარაკებები რთული იქნება და ზაფხულის სატრანსფერო ბაზარი შესაძლოა, გააცოცხლოს.
ნეაპოლელი გულშემატკივრები ოცნებობენ, რომ კვარაცხელია ლურჯ მაისურში დიდი ხნით იხილონ და აცნობიერებენ, რომ მათ რიგებში არის ტალანტი, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის მნიშვნელოვანი ფურცლების დაწერა აქვს განზრახული. „ნაპოლიც“ მზად არის, შეინარჩუნოს თავისი „მარგალიტი“, თუ გამორჩეული წინადადება არ იქნება“, – წერს იტალიური გამოცემა.