Corriere dello Sport - კვარაცხელია „ნაპოლისთან“ კონტრაქტს გააფორმებს, ფარულად სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და 1,5 მილიონს მიიღებს #1TVSPORT
იტალიურმა გამოცემა Corriere dello Sport-მა პირველ გვერდზე გამოაქვეყნა წერილი ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერზე.
წერილში საუბარია ქართველი თავდამსხმელის სატრანსფერო თანხებზე. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იტალიური გამოცემის ცნობით, 21 წლის ქართველმა თავდამსხმელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა პარტენოპეიში, სადაც „ნაპოლის“ ბაზა მდებარეობს. სად და როდის მოასწრო ეს, არაფერს წერენ. სავარაუდოდ მაშინ, როდესაც ალბანეთთან მატჩი „მიკროტრავმის“ მიზეზით გამოტოვა.
„კვარაცხელია „ნაპოლიდან“ – გარიგების ციფრები“
„ქართველი მარცხენა გარემარბი, რომელმაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, სეზონში 1,5 მილიონს მიიღებს და ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
„ნაპოლიმ“ გაამყარა ურთიერთობა მომავლის ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან. ტრანსფერის ოფიციალური გამოცხადებისთვის და კონტრაქტების გაფორმებისთვის საჭიროა დაველოდოთ ბაზრის გახსნას, ანუ პირველ ივლისს, მაგრამ 21 წლის ქართველ შემტევთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, თანხები და სხვა პირობები განისაზღვრა და მოთამაშემ პირველი სამედიცინო შემოწმებაც ცნობისმოყვარე თვალებისგან ფარულად გაიარა პარტენოპეიში.
უფრო მეტიც, მისმა პოზიციამ ხელი შეუწყო ოპერაციის დაჩქარებას და დახურვას: მან დაიწყო სეზონი რუსეთში, ყაზანის „რუბინში“, მაგრამ შემდეგ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როგორც თავად „რუბინმა“ ოფიციალურად განაცხადა, მოთამაშის მომავლიდან გამომდინარე კონტრაქტი შეწყდა.
დიახ, მარტის ბოლოს მხარეები მიხვდნენ, რომ ურთიერთობა უნდა შეეჩერებიინათ და ის რამდენიმე თვით სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ დაბრუნდა. ახლა ელოდება, რომ ლურჯი მაისურა მოირგოს. „ნაპოლი“ მუშაობდა ჩუმად, რამდენიმეჯერ შეხვდა ფეხბურთელის გარემოცვას და იტალიელ შუამავალს, შემდეგ კი ტრანსფერი განახორციელა.
ხელშეკრულების დეტალები – ხუთწლიანი გარიგება სეზონზე დაახლოებით 1,5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით განისაზღვრა და შემდეგ პირველი სამედიცინო გამოკვლევა დაფარულად ჩაუტარდა. ბათუმის „დინამოს“ დირექტორმა, ლადო დვალიშვილმა განმარტა, რომ კვარაცხელიამ თავისუფალი აგენტის სტატუსით ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. შემდეგ კი დაამატა, რომ კვარაცხელია ზაფხულში ყაზანში არ დაბრუნდება“, – წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალი სეზონიდან შეუერთდება. მისი ნათქვამი კი ბევრს ნიშნავს, ისევე როგორც წერილი Corriere dello Sport-ში, რომელიც შემთხვევით პირველ გვერდზე ამ ინფორმაციას არ გამოიტანდა.