CONMEBOL-ი „ინტერ მაიამის“ კოპა ლიბერტადორესის 2024 წლის გათამაშებაში იწვევს #1TVSPORT
CONMEBOL-ი „ინტერ მაიამის“ კოპა ლიბერტადორესის 2024 წლის გათამაშებაში იწვევს #1TVSPORT

TyC Sports-ის ინფორმაციით, MLS-ის გუნდი „ინტერ მაიამი“, შესაძლოა, 2024 წელს სამხრეთ ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, კოპა ლიბერატადორესზე ვიხილოთ.

სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია CONMEBOL-ისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ლიონელ მესი აღმოჩნდა, რომელმაც „ინტერ მაიამიში“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და ლიგების თასის ტურნირზე 6 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის გუნდთან ერთად 20 აგვისტოს ტურნირის ფინალში „ნეშვილს“ დაუპირისპირდება.

წყაროს ცნობით, კოპა ლიბერტადორესზე მონაწილეობა თავად ფლორიდულმა კლუბმა უნდა გადაწყვიტოს. აქამდე ამ ტურნირზე მექსიკურ და ამერიკულ გუნდებს მონაწილეობის უფლებას არ აძლევდნენ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. არგენტინელი ბოლოს „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავდა. მასთან ერთად MLS-ის კლუბში, რომელსაც დევიდ ბექჰემი მართავს, ჟორდი ალბა და სერხიო ბუსკეტსიც გადავიდნენ.