ცნობილმა პილოტებმა მიხაელ შუმახერი თითო სიტყვით დაახასიათეს (ვიდეო)
ფორმულა 1-ის ცნობილი პილოტები და ფუნქციონერები სპეციალურ ვიდეოში გადაიღეს, რომელიც ლეგენდარული გერმანელი პილოტის, მიხაელ შუმახერის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფორმულა 1-ის პრეს-სამსახურმა ვიდეორგოლის მონაწილეებს სთხოვა, თითო სიტყვით დაეხასიათებინათ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი.
ფერნანდო ალონსომ მიხაელს „ნიჭიერი“ უწოდა, რუბენს ბარიკელომ დაახასიათა, როგორც „განსაკუთრებით მონდომებული“. ფორმულა 1-ის სპორტულმა დირექტორმა როს ბრაუნმა აღნიშნა შუმახერის პროფესიონალიზმი, ხოლო „ბენეტონისა“ და „რენოს“ ყოფილმა შეფმა ფლავიო ბრიატორემ თქვა, რომ შუმახერი – მეფეა.
შუმახერის კიდევ ერთმა ყოფილმა თანაგუნდელმა ფელიპე მასამ აღიარა, რომ მისთვის მიხაელი გმირია.
მიხაელ შუმახერს 3 იანვარს შეუსრულდა 50 წელი. გერმანელი 2013 წლიდან მოყოლებული გადის აღდგენით კურსს თავის ტრავმის შემდეგ, რომელიც თხილამურებით სრიალისას მიიღო.