ცნობილია უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა
ცნობილია უკრაინაში ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ვინაობა

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა იმ პირების ვინაობა, ვინც უკრაინელმა სამართალდამცველებმა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. კიევის ოლქის პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე – მირიან გოჩაძე, თენგიზ ზანაძე და ლევან ხუციშვილი დააკავა.

უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, დაკავებულები ქალაქ ბორისპოლში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, სახლის მეპატრონის ავტომობილი გაიტაცეს. ფაქტზე გამოძიება უკრაინის სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ყაჩაღობა) მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ე.წ. ბოევიკებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ადასტურებენ. როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე უკრაინელ სამართალდამცველებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

აღსანიშნავია, რომ მირიან გოჩაძე და თენგიზ ზანაძე წინა ხელისუფლების დროს შსს-ს მაღალჩინოსნები იყვნენ. მირიან გოჩაძე 2012 წლის ჩათვლით შსს-ს სპეცრაზმის უფროსი იყო და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქართველო დატოვა.