ცნობილია, სად შეიკრიბებიან ქართველი გულშემატკივრები დორტმუნდში #1TVSPORT
ქართველი გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატზე თურქეთთან ჩასატარებელ პირველ მატჩამდე დორტმუნდის Westpark-ში შეიკრიბებიან და „ჯვაროსნების“ მხარდასაჭერად „სიგნალ იდუნა პარკამდე“ (სადაც თურქეთს ვეთამაშებით) მსვლელობას მოაწყობენ, – ინფორმაციას ახლახან შექმნილი საქართველოს „ფან საელჩო“ ავრცელებს.
„ქართველი გულშემატკივრებისთვის თამაშის დღეს შეკრების ადგილი გამოყოფილია Westpark-ში! დიდი, ლამაზი პარკი, სადაც შევძლებთ ერთმანეთის ნახვას, თამაშამდე დროის გაყვანას და განწყობის შექმნას! ტევადობა 10-17 000 ადამიანი.
რკინიგზის ცენტრალური სადგურიდან 15 წუთია ტრანსპორტით. ახლომდებარე მეტროს სადგურებია Mollerbrucke და Unionstrasse. პარკში შეიძენთ საკვებსაც და იქნება მუსიკა. შეკრება დაიწყება 11:00 საათიდან.
15:00 საათზე კი დაიწყება ფანების მსვლელობა სტადიონისკენ ლინდემანშტრასეს ქუჩით (1.8 კმ, დაახლოებით 20-30 წუთი). სასურველია სტადიონთან ვიყოთ თამაშამდე 2 საათით ადრე, რომ არ მოხდეს შეფერხება ბილეთების შემოწმებისას. ყველას გელით Westpark-ში 11:00-დან! შევიქმნათ გამარჯვების განწყობა!“ – წერია საქართველოს „ფან საელჩოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.