ცნობილია ქარი ქაფის კალენდარი, სამხრეთაფრიკული ტურნირის, რომელშიც „შავი ლომი“ მიიღებს მონაწილეობას #1TVSPORT
„ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა საქართველოს მაღალი მიღწევების პროგრამისთვის და მსურს მოგილოცოთ ამ მიზნის მიღწევა!“ – წერს მსოფლიო რაგბის მაღალი მიღწევების დირექტორი, პიტერ ჰორნი საქართველოს რაგბის კავშირისთვის გაგზავნილ წერილში.
მსოფლიო რაგბი პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზის, „შავი ლომის“ შექმნას და სამხრეთ აფრიკის შიდა პირველობაში, ქარი ქაფში მონაწილეობას, ქართული რაგბის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან პროექტად მიიჩნევს.
სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა ქარი ქაფის პირველი დივიზიონის კალენდარი ოფიციალურად დაამტკიცა, სადაც შვიდი ადგილობრივი (ლეოპარდსი, გრიფონსი, ვალკე, ბოლანდ კავალიერსი, ესთერნ პროვანსი, ბორდერ ბულდოგსი, იგლსი) და სამი მოწვეული გუნდი (შავი ლომი, კენია, ზიმბაბვე) მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი 1/2 აპრილს დაიწყება, ფინალური შეხვედრა კი 24-25 ივნისსაა ჩანიშნული.
საქართველოს რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო ხურციძე:
„მსოფლიო რაგბი წლების განმავლობაში მოგვიწოდებდა პროფესიული ფრენჩაიზის შექმნისკენ, რადგან რაგბის განვითარებისთვის, მათი აზრითაც, ეს მნიშვნელოვანია. ეს წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა და ახლა, მოხარული ვარ, რომ საქართველოშიც შეიქმნა ისეთი პროფესიული ფრენჩაიზი, როგორიც თითქმის ყველა წამყვან სარაგბო ქვეყანას ჰყავს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რაგბი ევროპის სუპერ თასის შემდეგ, მოვიპოვეთ უფლება და ჩვენი ფრენჩაიზი ჩაერთვება მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ უფრიკის უძლიერეს შიდა ჩემპიონატში“.
მსოფლიო რაგბიში მიიჩნევენ, რომ ქარი ქაფში მონაწილეობა მნიშვნელოვნად აამაღლებს ელიტური მორაგბეებისა და მაღალი მიღწევების პერსონალის კვალიფიკაციას და ამ პროექტს დიდ გავლენა ექნება ბორჯღალოსნების თამაშის ხარისხის ასამაღლებლად 2023 წლის მსოფლიო თასზე.
„მოუთმენლად ველით საქართველოს გამოჩენას ქარი ქაფის 2022 წლის გათამაშებაში და მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს საშუალება მხარი დავუჭიროთ საქართველოს 2023 წლის მსოფლიო თასის კამპანიაში“ – აღნიშნულია მსოფლიო რაგბის წერილში.