1 აპრილს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) დიდი სათამაშო დღე იყო – გაიმართა 13 მატჩი.
„ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ მიუახლოვდა პლეი ოფს – ლებრონ ჯეიმსის გუნდი მეშვიდე ადგილზე გადავიდა დასავლეთ კონფერენციაში.
დასავლეთიდან პლეი ოფში თამაში გარანტირებული აქვთ: „დენვერს“, „მემფისსა“ და „საკრამენტოს“, აღმოსავლეთიდან – „მილუოკის“, „ბოსტონს“, „ფილადელფიასა“ და „კლივლენდს“.
მინიმუმ, პლეი ინში თამაში გაინაღდეს: აღმოსავლეთიდან – „ნიუ იორკმა“, „ბრუკლინმა“ და „მაიამიმ“, დასავლეთიდან – „ფინიქსმა“.
პლეი ოფში მოხვედრის თეორიული შანსები დაკარგეს: „ჰიუსტონმა“, „სან ანტონიომ“, „პორტლენდმა“, „დეტროიტმა“ და „შარლოტმა“.
კონფერენციებიდან პლეი ოფში პირდაპირ საგზურებს მიიღებს ექვს-ექვსი საუკეთესო გუნდი. გუნდები, რომლებიც 7-10 ადგილებს დაიკავებენ, ითამაშებენ პლეი ინის ტურნირში, რომელიც 11 აპრილს დაიწყება.
პლეი ინის ტურნირი:
I წყვილი: მე-9 გუნდი – მე-10 გუნდი
II წყვილი: მე-7 გუნდი – მე-8 გუნდი
მე-2 წყვილში გამარჯვებული პირდაპირ გავა პლეი ოფში და იქ მეშვიდე განთესვის ნომერი ექნება. ამ წყვილში წაგებული კი შეხვდება პირველ წყვილში მოგებულს და მათ შორის გამარჯვებული მერვე განთესვის ნომრით გადავა პლეი ოფში.