გარდაიცვალა ბათუმის „დინამოს“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი შოთა ჭეიშვილი, რომელსაც დამოუკიდებლობის პერიოდში კლუბის ყველაზე დიდი წარმატებები უკავშირდებოდა.
მოსკოვის მწვრთნელთა უმაღლესი სკოლის დამთავრების შემდეგ, ჭეიშვილმა მუშაობა რუსთავის „მეტალურგში“ დაიწყო. შემდეგ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების პერიოდში თბილისის „დინამოს“ სამწვრთნელო შტაბში შედიოდა.
ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი (1993-94) იყო. წლების განმავლობაში მუშაობდა საფეხბურთო სკოლა „ოლიმპში“.
მისი სახელი ყველაზე მეტად ბათუმის „დინამოს“ უკავშირდება, სადაც ჯერ მოთამაშე იყო
(1973-74), შემდეგ კი გუნდი მწვრთნელის რანგში ჩაიბარა (1988-91, 1996-98, 2014-16). სწორედ ჭეიშვილს უკავშირდება „დინამოს“ ყველაზე დიდი წარმატებები – ბათუმელებმა მისი ხელმძღვანელობით მოიპოვეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი (1998), სუპერთასი (1998) და ვერცხლის მედლები (1998, 2014).