ცნობილი მწვრთნელ-ანალიტიკოსი - კვარაცხელია ახლოსაა ფენომენალურთან, მთავარია სტაბილურობა შეინარჩუნოს (ვიდეო)
„ხვიჩა შეტევას მრავალფეროვნებას მატებს. მარტო უფრო მეტ დრიბლინგს აკეთებს, ვიდრე ერთად შეკრებილი პრემიერ ლიგის გუნდების ნახევარზე მეტი,“ – ამბობს გამოცემა „ბიზნეს-ონლაინთან“ ვრცელ ინტერვიუში იგორ მანანიკოვი, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვრთნელ-ანალიტიკოსია. ლეონიდ სლუცკის მიწვევით, 33 წლის მწვრთნელმა წელს სტაჟირება „რუბინში“ გაიარა და საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ახლოს გაიცნო.
კვარაცხელიას რუსეთის პრემიერლიგაში დრიბლინგის მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი აქვს (107 მცდელობიდან 55 წარმატებული) და კონკურენტებს უზარმაზარი სხვაობით ასწრებს – მოსკოვის „დინამოს“ შემტევს, დანილ ლესოვოის მხოლოდ 43 მცდელობა ჰქონდა.
იგორ მანანიკოვის აზრით, ქართველი უფრო დაიხვეწება: „ჩანს, რომ ხვიჩა ბურთის ახლა უკეთ განკარგავს და ნელ-ნელა მისი დრიბლინგები უფრო ეფექტური ხდება. მასზე „რუბინის“ შეტევებია დამოკიდებული. მრავალმხრივი მოთამაშეა და თუ სწრაფ დრიბლინგს ბურთის გაცემას დაამატებს და პარტნიორების შემჩნევას დაიწყებს, ეს „რუბინის“ შეტევის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამაზე თუ იმუშავებს, ძალიან მაღალ დონეს მიაღწევს. ხვიჩა ფენომენალურთან ახლოსაა. საკითხავი ისაა, მის წინააღმდეგ შესაძლო ხისტ თამაშზე როგორ რეაგირებას მოახდენს და მოახერხებს თუ არა სტაბილურობის შენარჩუნებას“.