ცხრა მოთამაშით დარჩენილმა 19-წლამდელებმა ელიტრაუნდი რუმინეთთან მარცხით დაიწყეს [ვიდეო] #1TVSPORT

19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში პირველი მატჩი გამართა – ვასილ მაისურაძის გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დამარცხდა.

ელიტრაუნდის მატჩებში, გუნდს 19-წლამდე ნაკრების კაპიტანი ლუკა გაგნიძე და თავდამსხმელი გიორგი კვერნაძე ვეღარ დაეხმარნენ. პირველ ტაიმში რუმინელები ანდრეას ჩირიცოიუმ და გაბრიელ დანულეასამ დააწინაურეს. ლუკა წულუკიძის პასით გიორგი აბუაშვილმა სხვაობა 39-ე წუთზე მინიმუმამდე შეამცირა.

მაგრამ 44-ე წუთზე საქართველოს ნაკრები უმძიმეს ვითარებაში ჩავარდა. მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გიორგი ჩხეტიანი რუმინელთა თავდამსხმელის წაქცევისთვის გააძევა, საქართველოს ნაკრების კარში კი პენალტი დანიშნა, რომელიც გრიგორაშ პანტეამ გოლად გარდასახა – 3:1.

რუმინელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მეორე ტაიმში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 47-ე წუთზე ჩვენი გუნდის კარი რარეს ილიემ აიღო, ხოლო მე-60-ზე – ედუარდ რადასლავესკუმ.

90+2-ე წუთზე არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი ნიკა სიხარულაშვილს სიმულაციისთვის აჩვენა, მოედნიდან გააძევა და ჩვენმა ნაკრებმა მატჩი 9 კაცით დაასრულა.

საბოლოოდ, რუმინელებმა 5:1 მოიგეს. ჯგუფის მეორე შეხვედრაში მასპინძელმა ხორვატიამ ისლანდიას 2:1 სძლია და რუმინეთთან ერთად გალიდერდა. მეორე ტურში საქართველოს 19-წლამდელები 26 მარტს ისლანდიას დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს – ხორვატიას.