საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა უკრაინაში სამი ოქროს, სამი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედალი მოიგო. საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობა სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს.
ხარკოვში გამართულ შეჯიბრზე საქართველოს ნაკრები შერეული გუნდით იყო წარმოდგენილი, რომელშიც ძირითადი ნაკრების კანდიდატები და 23- წლამდელთა ნაკრების წევრები იყვნენ. ტურნირის გამარჯვებულები დავით ტლაშაძე (74 კგ), მამუკა კორძაია (97 კგ) და ალექსი ჟორჟოლიანი (125 კგ) გახდნენ. ჩემპიონობამდე თითო გამარჯვება დააკლდათ და შესაბამისად მეორე საპრიზო ადგილები გოგა ძიგუამ (57 კგ), კონსტანტინე ხაბალაშვილმა (70 კგ) და თორნიკე კვინიკაძემ (86 კგ) დაიკავეს, ბრინჯაოს მედლებს კი მირზა სხულუხია (70 კგ), დავით ფირუზაშვილი (86 კგ) და მარად ვანაძე (125 კგ) დაეუფლნენ.