ცხელი სატრანსფერო ამბავი - თურქული მედიის მტკიცებით, „ტრაბზონსპორმა“ აზაროვთან კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
თურქული მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ ქვეყნის ფეხბურთის გრანდმა, „ტრაბზონსპორმა“ საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე ირაკლი აზაროვთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა. დასტურად კი სარფის საზღვარზე გადასული ქართველი მოთამაშის სურათი გამოაქვეყნეს.
„სუპერლიგის პირველი წრის ლიდერი „ტრაბზონსპორი“ ტრანსფერებზე მუშაობას განაგრძობს. კიდევ უფრო გასაძლიერებლად გუნდი ძალიან ახლოსაა, რომ მარცხენა მცველის პოზიციაზე ირაკლი აზაროვი დაიმატოს. აღმოჩნდა, რომ კლუბი პრინციპულ საკითხებზე შეუთანხმდა ქართველ ფეხბურთელს. 19 წლის მარცხენა მცველი თურქეთში სარფის სასაზღვრო პუნქტით შემოვიდა“, – წერს თურქული გამოცემა fanatik.
ამავე დროს, გამოცემა დეტალებზე წერს:
„აზაროვი ტრაპიზონში საკუთარი მანქანით ჩამოვიდა და ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის დეტალებს განიხილავს. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც შემდგომში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ხელს მოაწერს კონტრაქტს და „ტრაბზონსპორს“ შეუერთდება“.
fanatik სატრანსფერო თანხასაც ასახელებს:
„ცნობილი გახდა, რომ „ტრაბზონსპორმა“ ბათუმის „დინამოს“ ახალგაზრდა ფეხბურთელს 1 მილიონი ევრო შესთავაზა. ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერი, სავარაუდოდ, მალე დადასტურდება“.