ცინცინატის „მასტერსზე“ მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა და ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.
ყოველი მატჩის შემდეგ აუმჯობესებს თამაშს მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი. პირველ წრეში ლიეტუველ რიკარდას ბერანკისთან რთული მოგების შემდეგ, სერბმა მომდევნო ორი შეხვედრა იოლად მოიგო. მეოთხედფინალში მისი მეტოქე გერმანელი იან-ლენარდ შტრუფი იყო, რომელსაც რეიტინგის ლიდერი 62 წუთში გაუსწორდა – 6:3, 6:1 სერბმა ცხრიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ერთხელ დათმო საკუთარი მოწოდება – მაშინ, როცა მეორე სეტში 5:0-ს იგებდა.
2020 წლის სეზონში ჯოკოვიჩს 21-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. ნოვაკს ამ სეზონში ჯერ მატჩი არ წაუგია.
ჯოკოვიჩის მეტოქე ნახევარფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი იქნება, რომელმაც მოქმედი ჩემპიონი, რუსი დანიილ მედვედევი გამოთიშა ბრძოლას. ბაუტისტამ ფანტასტიკური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და შთამბეჭდავი ქამბექის შემდეგ შეძლო მოგება. 1:6, 0:1, 0:40 – ასეთი ანგარიშით იყო ესპანელი ჩამორჩენილი მეორე სეტის მეორე გეიმში, მაგრამ საბოლოოდ სამ სეტში მოიგო – 1:6, 6:4, 6:3. შეხვედრა ორი საათი და 13 წუთი გრძელდებოდა. ბაუტისტამ 20 ბრეიკ-პოინტიდან 15 მოიგერია.
ესპანელი ჩოგბურთელი 11-ჯერ შეხვედრია პროფესიულ ტურში ნოვაკ ჯოკოვიჩს და სამჯერ ჰყავს სერბი დამარცხებული.
მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ბერძენმა სტეფანოს ციციპასმა და კანადელმა მილოშ რაონიჩმა.
ციციპასი პირველ სეტს 5:6-ს აგებდა, როცა ოპელკამ მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო, შეხვედრის გაგრძელებაზე უარი განაცხადა და ბერძენი თითქმის უბრძოლველად გავიდა ნახევარფინალში.
რაც შეეხება რაონიჩს, მან დღის ყველაზე დაძაბულ მატჩში ორ საათსა და 44 წუთში მოუგო სერბ ფილიპ კრაინოვიჩს. ბაუტისტა აგუტის მსგავსად, კანადელმაც ბეწვის ხიდზე გაიარა – წააგო პირველი მეტი, მეორეში კი კრაინოვიჩი 5:4-ს იგებდა და მატჩზე აწვდიდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. რაონიჩმა შეხვედრა 24 ეისით დაასრულა.
1/4 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-შტრუფი (გერ) 6:3, 6:1
ბაუტისტა აგუტი (ესპ, 8)-მედვედევი (რუს, 3) 1:6, 6:4, 6:3
ციციპასი (საბ, 4)-ოპელკა (აშშ) 5:6 უარი
რაონიჩი (კან)-კრაინოვიჩი (სერ) 4:6, 7:6(2), 7:5
1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ბაუტისტა აგუტი (ესპ, 8)
ციციპასი (საბ, 4)-რაონიჩი (კან)