ჩვენი მიზანია, აუცილებლად ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე - ტყუპი ძმები მამაგეიშვილების ინტერვიუ 21-წლამდე ნაკრებსა და „საბურთალოზე“ #1TVSPORT
ჩვენი მიზანია, აუცილებლად ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე - ტყუპი ძმები მამაგეიშვილების ინტერვიუ 21-წლამდე ნაკრებსა და „საბურთალოზე“ #1TVSPORT

ტყუპი ძმები ოთო და გიზი მამაგეიშვილები გამოიძახეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში, რომელიც 12 ოქტომბერს ბათუმის არენაზე, ევროშესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდებს შეხვდა, ხოლო 17-ში შვედეთს უმასპინძლებს.

„საბურთალოს” ნახევარმცველებმა ახალგაზრდულ ნაკრებსა და „საბურთალოში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

„საბურთალო“

ოთო: „ფეხბურთი ბავშვობიდან გვიყვარდა. ჩვენთვის პირველი გუნდი „საბურთალო“ იყო, ამ გუნდში გავიზარდეთ და ბევრი კარგი მოგონება გვაკავშირებს. ასევე იმ ადამიანებთან, ვინც გუნდში მუშაობს. მადლობა თითოეული წამისთვის მათ, რადგან ჩვენს განვითარება-ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს“.

გიზი: „ანბანის სწავლისა და ფეხბურთზე სიარულის დაწყების ეტაპი „საბურთალოს“ აკადემიას უკავშირდება. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, ფუნდამენტი, რომელიც ფეხბურთელს მთელი კარიერის განმავლობაში მიჰყვება, ამ კლუბში ჩაიყარა. გარემო, სადაც ყოველთვის მიხაროდა და მიხარია მისვლა“.

„საბურთალოს“ ახალი მწვრთნელი

ოთო: „ომარ თეთრაძესთან ერთად კარგი თამაშები ჩავატარეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია და მან ეს ყველაფერი საქმით დაამტკიცა. გიორგი მიქაძე ჩვენი გუნდისთვის ახალი სახე ნამდვილად არ არის, ამიტომ არ გაგვიჭირდა ერთმანეთთან შეხვედრა და მუშაობა, დავისახეთ მიზანი, რომელსაც მჯერა, რომ ერთიანობით აუცილებლად მივაღწევთ. მესამე წრე ნამდვილად არ ყოფილა ჩვენთვის წარმატებული, თუმცა ყველაფერი წინ არის და იმედი მაქვს, რომ ჩემპიონატის დასასრულს ჩვენს სათქმელს ვიტყვით“.

გიზი: „თეთრაძემ ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწია ამ კლუბისთვის, ჩვენი ადგილი სეზონის განმავლობაში ცხრილის მოწინავეთა რიგებში იყო და წასვლამდეც სამეულში ადგილი შენარჩუნებული გვქონდა. გიორგი მიქაძესთან აქამდე შეხება არ გვქონია. კარგი მწვრთნელია და ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებს, ეს წინა სეზონში „სამგურალსაც“ ეტყობოდა და წლევანდელ „თელავსაც“. ვფიქრობ, საერთო მიზნის პოვნა არ გაგვიჭირდება, რასაც უკვე დრო გვანახებს. განწყობა და რწმენა გუნდს არ დაუკარგავს. ვფიქრობ, სანაკრებო პაუზას დადებითად გამოვიყენებთ და ახალ მწვრთნელთან ერთად წარმატების მივაღწევთ. ჩემი მინიმუმი ადგილის შენარჩუნებაა, მიზანი კი – მთავარი ტიტულის მოპოვება“.

21-წლამდელებში თამაში

ოთო: „საქართველოს ნაკრებში გატარებული ყოველი წამი ძალიან სასიხარულოა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი და სიამოვნება მივანიჭოთ. ჩვენი მიზანია, აუცილებლად ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე.

გიზი: „ყოველთვის საამაყოა და ამავდროულად სასიამოვნო, როდესაც შენი ქვეყნისთვის ბედნიერების და სიხარულის მინიჭების შანსი გაქვს. ფეხბურთელისთვის იმაზე მაგარი შეგრძნება არ არსებობს, რასაც მოედანზე საკუთარი ნაკრების მაისურით თამაშის დროს განიცდი. მაქსიმალური ქულათა რაოდენობის მოპოვების იმედი გვაქვს. ეს რთული იქნება, თუმცა შეუძლებელი არაფერია“.