ესპანურ გუნდებში, ძირითადად დაბალ ლიგებში, არაერთი ქართველი თამაშობს, მაგრამ უქმეებზე შემადგენლობაში ბევრი მათგანი მოედანზე არ გასულა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უნივერსალმა, ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ სეგუნდა დივიზიონ RFEF-ის მე-4 ჯგუფში მოასპარეზე „კადისი ბ“-ში შეუცვლელად ითამაშა „ხერესსთან“ სტუმრად მოგებულ (1:0) მატჩში. მისი გუნდი მე-12 ადგილზეა, ჯინჯოლავამ კი სეზონზე უკვე მე-8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ასევე, სეგუნდა დივიზიონ RFEF-ის მე-5 ჯგუფში თამაშობს „ლევანტე ბ“, რომლის განაცხადში გიორგი ქოჩორაშვილი არ ყოფილა „აგილასთან“ შინ მოგებულ (2:0) მატჩში. მიმდინარე სეზონზე ქართველმა ნახევარმცველმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა (ერთი გოლი), რადგან ტრავმამ შეაწუხა.
ერთი ლიგით ქვემოთაა ესპანეთის ტერსერა RFEF-ლიგა, რომლის მე-4 ჯგუფშიც გიორგი გაგუას „დეპორტივო ალავესი ბ“-მ შინ „ბარაკალდო“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა. 20 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ესპანეთის გუნდებში საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების სამი მეკარე ირიცხება. სამწუხაროდ, უქმეებზე არც ერთ მათგანს არ უთამაშია. ლა ლიგაში სათადარიგო იყო გიორგი მამარდაშვილი, რომლის „ვალენსიამ“ მადრიდის „ატლეტიკო“ „მესტალიაზე“ მიიღო და 3:3 ითამაშა.
ლა ლიგა 2-ის „ალმერიამ“ „ბურგოსს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. სამწუხაროდ, ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე სათადარიგო იყო, სულ კი მიმდინარე სეზონზე მხოლოდ ერთხელ ითამაშა. კარში კი ფერნანდო მარტინესი დგას, რომლითაც გუნდში კმაყოფილები არიან. „ალმერია“ სეგუნდა დივიზიონში 34 ქულით პირველ ადგილზეა.
ასევე, არ უთამაშია „საბადელში“ მეკარე ლუკა ხარშილაძეს, რომელიც ესპანეთის პრიმერა დივიზიონ RFEF-ის მე-2 ჯგუფში გამოდის.