ჩვენ მას გვერდში უნდა დავუდგეთ­­ - სანიოლის თქმით, ხოჭოლავას ახლა რთული პერიოდი აქვს #1TVSPORT
ჩვენ მას გვერდში უნდა დავუდგეთ­­ - სანიოლის თქმით, ხოჭოლავას ახლა რთული პერიოდი აქვს #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2022 წლის სადებიუტო მატჩებში დათა ხოჭოლავა დააკლდება. 25 და 29 მარტს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან „კოპენჰაგენის“ ვიცე-კაპიტნის არყოფნის მიზეზებზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

„ჩვენ რამდენიმე სხვა ფეხბურთელიც დაგვაკლდება. დავით ხოჭოლავას ოჯახს უშუალოდ შეეხო მიმდინარე ომი. ჩვენ გვესმის, რომ ის ამჟამად ვერ უთმობს ფეხბურთს სრულ ყურადღებას. მე მას ხშირად ვუკავშირდები და ჩემს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. მისთვის ეს რთული ვითარებაა და ჩვენ მას გვერდში უნდა დავუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ის გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვეულებრივ განაახლებს თავის კარიერას“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ქართველი მცველის, დავით ხოჭოლავას მეუღლის მამა რუს აგრესორებთან ბრძოლას შეეწირა. საქართველოს ნაკრების მცველმა, დავით ხოჭოლავამ უკრაინელ იულია სიდორენკოზე 2020 წელს იქორწინა, როცა ჯერ კიდევ დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელი იყო. მანამდე დავითი თამაშობდა ოდესის „ჩერნომორეცში“ და ქართულ გუნდებში.

დავით ხოჭოლავა არ მალავდა, რომ რუსეთის აგრესიამ მისი ოჯახის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, რომლებიც აგრესორებისგან თავს თავშესაფრებში იცავენ, ხოლო ოჯახის წევრების ნაწილი უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან და სხვა მამაც უკრაინელებთან ერთად სამშობლოს იცავს.