ჩრდილომაკედონიელებს თბილისში საკადრო პრობლემები შეექმნათ - ბალკანელები იმედს არ კარგავენ
საქართველოსთან მატჩის შემდეგ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები დილემის წინაშე დადგა – მაკედონიელებმა ჯერ არ იციან, 8 ოქტომბერს, ერთა ლიგის ნახევარფინალში კოსოვოსთან ისტორიულ მატჩს ვისარ მუსლიუ გამოტოვებს თუ არა. ეს ამბავი 22 სექტემბერს ოფიციალურად გაცხადდება.
საქმე ისაა, რომ 25 წლის ცენტრალურმა ნახევარმცველმა თბილისში საქართველოსთან შეხვედრისას ჯაბა კანკავასთან უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და ბუნებრივია, შემდეგი სანაკრებო მატჩი უნდა გამოტოვოს.
ვისარ მუსლიუ უნგრულ „ფეჰერვარში“ ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელი და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შეუცვლელი წევრია – მას ნაკრებში 2017 წლიდან იწვევენ და 22 შეხვედრა ჩაატარა.
თუმცა, ჩრდილომაკედონიელებს იმედი აქვთ, რომ ვისარ მუსლიუ ისტორიულ შეხვედრაში გუნდს დაეხმარება.
„საპანიკო არაფერია – შესაძლოა, მუსლიუმ 8 ოქტომბერს კოსოვოსთან ევრო-2021-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ითამაშოს. უეფას სადისციპლინო კომისიის სხდომაზე, რომელიც 22 სექტემბერს გაიმართება, გვეცოდინება, მუსლიუ მართალია თუ არა. არაოფიციალურად, უეფაში ჩრდილოეთ მაკედონიის ფედერაციის წარმომადგენელს აცნობეს, რომ სანერვიულო არაფერია. დიახ, მუსლიუ დაისჯება, სავარაუდოდ, სამი მატჩით, რადგან ყვითელი ბარათები მიიღო სომხეთთან და საქართველოსთან, რასაც თბილისში წითელი ბარათი დაემატა. მაგრამ ის ერთა ლიგის ახალი გათამაშების შემდეგ სამ შეხვედრას გამოტოვებს, მაგრამ არა – წინა გათამაშების ნახევარფინალს კოსოვოსთან. მაგრამ დაველოდოთ 22 სექტემბერს,“ – წერს გამოცემა „სპორტმედია“.