ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრის კლუბში კორონავირუსია - ადემის მდგომარეობა უცნობია
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრის, არიან ადემის გუნდში, ხორვატიის ყველაზე პოპულარულ კლუბ ზაგრების „დინამოში“ კორონავირუსი გავრცელდა – ტესტზე დადებითი პასუხი ოთხ ახალ ფეხბურთელს დაუდასტურდა.
ზაგრების „დინამო“ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ვოლფსბერგერთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, ავსტრიულ გუნდში კი ლუკა ლოჩოშვილი და გურამ გიორბელიძე ირიცხებიან.
უფრო მნიშვნელოვანი ეს ამბავი იმიტომა არის, რომ ხორვატიული გუნდის ნახევარმცველი არიან ადემი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების წევრია, რომელიც ევრო2020-ის პლეი ოფში საქართველოს ეროვნულ გუნდს 12 ნოემბერს შეხვდება.
„ხორვატიული მედია წერს, რომ „დინამოში“ ვირუსით ინფიცირების ახალი დადებითი შემთხვევები დაფიქსირდა. მაგრამ ჯერ კონკრეტულ მოთამაშეთა ვინაობა არ დაზუსტებულა. ვიმედოვნებთ, რომ მათ შორის ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრი ადემი არ არის“, – წერს ჩრდილომაკედონიური გამოცემა „სპორტმედია“.
გამოცემა ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ არიან ადემი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა: „ზაგრებელთა კაპიტანი ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელის იგორ ანგელოვსკის გუნდში ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელია და ერთა ლიგის ფინალში საქართველოს წინააღმდეგ მნიშვნელოვანი როლი აკისრია, სადაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე უნდა გაირკვეს“.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ზაგრების „დინამოში“ საგანგაშო მდგომარეობაა, რადგან ინფიცირებული ადამიანები არიან, როგორც კლუბის პერსონალი, ასევე სამედიცინო სტაფის წევრები.
29 წლის ნახევარმცველი არიან ადემი ხორვატიაში დაბადებული ალბანელია, თამაშობდა ხორვატიის ასაკობრივ ნაკრებებში, მაგრამ ეროვნულ გუნდში თამაშის არჩევანის წინაშე რომ დადგა, 2014 წელს ჩრდილოეთ მაკედონიის სახელით გამოსვლა გადაწყვიტა. 2010 წლიდან ზაგრების „დინამოში“ თამაშობს. 2015 წლის ნოემბერში ფეხბურთიდან ოთხი წლით დოპინგის მიღებისთვის მოკვეთეს.