ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი - ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ #1TVSPORT
ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ხვალინდელ შეხვედრამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებაზე, პრობლემებსა და იმედებზე ისაუბრა.
მისი გუნდი თბილისის სტადიონზე მიმდინარე ერთა ლიგის მორიგ მატჩს გამართავს ნაკრებთან, რომელთანაც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მარცხი სკოპიეში, „თოდორ პროესკის არენაზე“ იწვნია 0:3. ბლაგოია მილევსკი დარწმუნებულია, რომ წაგებიდან დასკვნები გამოიტანა და სჯერა, რომ იგივე ფეხბურთელებმაც შეძლეს.
„უნდა ვთქვა, რომ თავდაპირველად ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებით მოედანზე და არა იმაზე, თუ როგორ გამოიყურება მეტოქე. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ, ხოლო მოწინააღმდეგემ შეიძლება ითამაშოს ან არ ითამაშოს.
კვარაცხელია კარგი მოთამაშეა, მაგრამ ყველაფერი მარტოს არ შეუძლია. ეს გუნდი იმარჯვებს. ჩრდილოეთ მაკედონიამ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე შესანიშნავად ითამაშა. კარგად გამოვყურებოდით იტალიისა და პორტუგალიის წინააღმდეგ, მაგრამ ერთა ლიგის ამ ციკლზე დავზარალდით ტრავმების და უგუნდო ფეხბურთელთა სიმრავლის გამო.
ამან შეგვცვალა, ბევრ ახალგაზრდას მიეცა შანსი. სანამ ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს შემდეგ ეტაპზე მოხვედრის მცირედი შანსი, ჩვენ ვეცდებით ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ.
არასდროს ვიხსენებ წარსულს, თუნდაც იამას, წინა მატჩში საქართველო უკეთესი იყო თუ არა. ისინი თამაშობენ განსხვავებულ ფეხბურთს, ვიდრე ადრე, ჩვენ კი აქ ვართ, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ის შეცდომები, რაც სკოპიეში დავუშვით“, – განაცხადა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
ერთა ლიგის C4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).