ჩრდილოეთ მაკედონიის ნახევარმცველი - კვიპროსში ყველა ქართველი კარგად თამაშობს
ჩრდილოეთ მაკედონიური გამოცემა „სპორტმედია“ კვიპროსზე მოთამაშე ქართველებზე საინტერესო წერილს აქვეყნებს. გამოცემის შეფასებით, საწყენია, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების თავდამსხმელი ტრიჩკოვსკი დაშავებულია.
„საწყენია, რომ ტრიჩკოვსკი ტრავმირებულია, რადგან იცის, ქართველების მეკარეს, გიორგი ლორიას როგორ გაუტანოს. ლორია არის საქართველოს პირველი ნომერი. სტაბილური მეკარე კვიპროსის „ანორთოსისის“ კარს იცავს. კვიპროსში კი გოლების მეფე ჩვენი ივან ტრიჩკოვსკია. სამწუხაროა, რომ გამოცდილი ბომბარდირი ეროვნულ გუნდში ტრავმის გამო არ იქნება. მან იცის, როგორ ანერვიულოს ლორია. მიმდინარე წლის მარტში მან გიოეგის ორი გოლი გაუტანა, როდესაც „ანორთოსისის“ მოედანზე ლარნაკას აეკ-მა გამარჯვება იზეიმა – 2:1. მან საჯარიმო დარტყმით გაუტანა,“ – წერს გამოცემა „სპორტმედია“.
ტრიჩკოვსკი არ არის, მაგრამ იქნება აეკ-ში მისი თანაგუნდელი, ცენტრალური ნახევარმცველი სტეფან სპიროვსკი, რომელმაც ლორიას და „ანორთოსისის“ სხვა ქართველი ფეხბურთელები კარგად დაახასიათა.
„ყველა კარგი მოთამაშეა. ივლისის ბოლოს მათთან ამხანაგური მატჩი ჩავატარეთ და გავიმარჯვეთ, მაგრამ ქართველები კარგად გამოიყურებოდნენ – ლორია კარში, დაუშვილი – მოედანის ცენტრში, ხოლო კაჭარავა და ოქრიაშვილი ძალიან არასასიამოვნო ფორვარდები არიან. საერთოდ, საქართველო კარგი გუნდია,“ – თქვა სპიროვსკიმ, რომელიც თელ-ავივის „ჰაპოელიდან“ კვიპროსში, ლარნაკის აეკ-ში ზაფხულში გადავიდა.
გამოცემის ცნობით, სტეფან სპიროვსკიმ დღეს თბილისში მატჩი ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყოს.