ჩრდილოეთ მაკედონიის მწვრთნელი - ვიცოდით, რაც გვინდოდა და იტალიასთან ჩვენს შანსს ველოდით #1TVSPORT
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფში იტალია საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა და მუნდიალის მიღმა დარჩა. რობერტო მანჩინის გუნდს ბლაგოია მილევსკის გაწვრთნილებმა 90+2-ე წუთზე გატანილი გოლით სძლიეს და უდიდესი სენსაციის ავტორები გახდნენ.
ჩრდილოეთ მაკედონიამ, რომელიც ერთა ლიგაზე საქართველოს მეტოქეა, თავის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი გასვლაზე დაამარცხა და ყატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში გავიდა.
ბლაგოია მილევსკის გუნდი მთელი მატჩი მოთმინებით ელოდა შანსს და 92-ე წუთზე ეს მომენტიც დადგა – მაგრამ ბალკანელების მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად ქებას ფეხბურთელები იმსახურებენ.
„ამ ბიჭებისთვის ღირს ცხოვრება. ეს ის ხალხია, რომლითაც მე ვამაყობ. მინდა, რომ მუდამ დარჩნენ ისეთებად, როგორებიც ახლა არიან. ჩვენ ვიცოდით, რაც გვინდოდა და შანსს ველოდით. ტაქტიკა არ იყო თამაშის დროს მხოლოდ ერთი დარტყმის განხორციელებაზე აგებული. რა თქმა უნდა, მზად ვიყავით ევროპის ჩემპიონი ფინალში ჩვენი მოხვედრით გაგვეოცებინა“, – განაცხადა მილევსკიმ.
თუმცა მილევსკიმ ისიც აღნიშნა, რომ საზეიმოდ გუნდს დიდი დრო არ აქვს, რადგან სულ რამდენიმე დღეში, პორტუგალიასთან სტუმრად პლეი-ოფის ფინალური შეხვედრა ელით, სადაც გამარჯვებაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებას ნიშნავს.
„ევროპის ჩემპიონის დამარცხება პატარა საქმე არ არის, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით. პორტუგალიაც არ ელოდება, რომ გამოსვლას მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპით დაასრულებს. სხვა გამოსავალი არ არის, ხვალიდან მთელი ფიქრი პორტუგალიისკენ გვექნება მიმართული“, – ოპტიმისტურად არის განწყობილი ჩრდილომაკედონიელი მწვრთნელი.