ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია - უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალის გადადებას ვთხოვთ
ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს შორის ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც 2020 წლის 26 მარტს, სკოპიეში „ტოდორ პროესკი არენაზე“ დაიგეგმა, უმაყურებლოდ ჩატარდება.
ამის გამო ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციამ უეფა-ს მატჩის გადადება სთხოვა. ინფორმაციას ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვრდი ავრცელებს.
„უეფა-ს ვთხოვთ, რომ ეს მატჩი გადადოს. არის რამდენიმე პრობლემა. მაყურებელთან დაკავშირებული პრობლემის გარდა (მაკედონიის მთავრობამ მაყურებელს დასწრება აუკრძალა), ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ყურადღებას ეროვნული ნაკრებიდან ფეხბურთელების ჩამოსვლასთან დაკავშირებულ პრობლემაზეც ამახვილებს – ანუ შესაძლო იზოლაცია/კარანტინს გარკვეული მოთამაშეებისათვის, რომლებიც იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც COVID-19 ვირუსის მაღალი საფრთხეა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს საქართველოსა და ბელორუსის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის გამარჯვებული უმასპინძლებს. ამ ორი ქვეყნიდან ერთ-ერთი ერთა ლიგის ფინალურ მატჩს 31 მარტს უმასპინძლებს. მაკედონია თუ ფინალში გავა, საქართველოში (ან ბელარუსში) შესვლისას გარკვეული სიფრთხილის ზომების დაცვა მოუწევს და ბარიერები შეხვდება. ამასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მუდმივ კავშირშია საქართველოსა ან ბელარუსის ფედერაციებთან და უეფასთან. ამ ყველაფრის გამოც ვითხოვთ მატჩის გადადებას“ – წერია ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.