ჩრდილოეთ მაკედონიელი მცველი - საქართველოსთან დამარცხებას ვერ გადავურჩით, მაგრამ პირველობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ #1TVSPORT
ნიკოლა სერაფიმოვმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მაისურით სადებიუტო მატჩები გიბრალტართან ჩაატარა. უნგრული „ზალაგერსეგის“ 22 წლის ცენტრალური მცველი არ მალავს კმაყოფილებას გიბრალტარელებთან 4:0 გამარჯვებით, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთან მარცხის სიმწარე (0:3) მოსვენებას არ აძლევს.
„მე ვიცი და დარწუნებული ვარ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ეს ნაკრები, სანამ მცირედი შანსიც მაინც იქნება, ბოლომდე იბრძოლებს ჯგუფში პირველი ადგილისთვის, რომელიც ერთა ლიგის მომავალ სეზონში „ბ“ ლიგაში გადასვლას უზრუნველყოფს“, – ამბობს სერაფიმოვი.
ახალგაზრდა მცველმა გუნდის შანსებზე ისაუბრა:
„კარგია, რომ პირველ ადგილისთვის ბრძოლაში შანსი გაგვიჩნდა. ყველა ძალიან ვწუხვართ, სკოპიეში საქართველოსთან უმნიშვნელოვანესი მატჩი რომ წავაგეთ, მაგრამ ჩვენ წინ ვიხედებით. საქართველოსთან ამ მარცხს ვერ გადავიტანთ, მაგრამ გულწრფელად მჯერა, რომ ჯგუფში სასურველ პირველ ადგილს მაინც დავიკავებთ. მწვრთნელი ხაზს უსვამს, რომ მთავარია გუნდური სულისკვეთება შევინარჩუნოთ. ეს გიბრალტართან ვაჩვენეთ და ვიცი, რომ ციკლიდან ციკლამდე გავიზრდებით“.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრას 22 სექტემბერს გამართავს და ჩრდილოეთ მაკედონიას თბილისში დაუპირისპირდება, შემდეგ კი 26 სექტემბერს, ჩენი გუნდი გიბრალტარს ესტუმრება, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონია ბოლო ტურში შინ ბულგარეთს შეხვდება.