ჩრდილოეთ მაკედონიელების აზრით, Mission Impossible (მისია შეუსრულებელია) - საქართველო ჯგუფის ლიდერია, კვარაცხელია გასაოცარ ფორმაშია და ევრო 2024-ის პლეი ოფში მოხვედრა შეუძლია #1TVSPORT
ჩრდილოეთ მაკედონიელების აზრით, Mission Impossible (მისია შეუსრულებელია) - საქართველო ჯგუფის ლიდერია, კვარაცხელია გასაოცარ ფორმაშია და ევრო 2024-ის პლეი ოფში მოხვედრა შეუძლია #1TVSPORT

ჩრდილოეთ მაკედონიურ მედიაში საქართველოსთან მატჩამდე საკუთარი ნაკრების შანსებს აფასებენ. თბილისში ვარჯიშზე ავტობუსის დაგვიანებასთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ძალიან ნერვიულობენ და წარუმატებლობის შემთხვევაში თავის დასაზღვევ მოტივებსაც ეძებენ. ამაზე გამოცემა „ეკიპას“ ეს წერილიც მეტყველებს.

Mission Impossible – 30 წლის განმავლობაში საქართველოში სამბურთიანზე მეტი სხვაობით მხოლოდ ერთმა გუნდმა მოიგო

„ჩრდილოეთ მაკედონიის ხვალინდელი მისია შეუსრულებელია. ერთა ლიგაში ბოლო ტურამდე პირველ ადგილზე დასაწინაურებლად, საქართველოში მინიმუმ სამი ქულა უნდა მოვიპოვოთ და მინიმუმ სამი ბურთით უნდა მოვიგოთ. პირველ ადგილზე გასული გერმანიაში გასამართი ევრო 2024-ის პლეი ოფში ითამაშებს.

სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ თბილისში სამბურთიანზე მეტი სხვაობით მხოლოდ პოლონეთმა მოიგო. მათ 2014 წელს, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამაჯერებელი ანგარიშით (0:4) გაიმარჯვეს. სამბურთიანი უპირატესობით საქართველოში სამმა სხვადასხვა გუნდმა მოიგო: საფრანგეთმა 2006 წელს 0:3, თურქეთმა 2005-ში – 2:5 და ნორვეგიამ 1999-ში – 1:4. საინტერესოა, რომ ბოლო ოთხ საშინაო მატჩში საქართველოს არ წაუგია და არც ერთი გოლი არ გაუშვია“, – წერს გამოცემა.

ამავე დროს, „ეკიპა“ ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ მათ ნაკრებს თბილისში გულშემატკივრები ვერ გაამხნევებენ:

„ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები გულშემატკივრების მხარდაჭერით მთელ ევროპაში ცნობილია. თუმცა, ეს ხვალ თბილისში არ მოხდება. მანძილის და იმის გამო, რომ თბილისში ცოტა ჩვენიანი ცხოვრობს. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, სადაც ხვალინდელი მატჩი გაიმართება, სტუმარი გულშემატკივრები არ იქნებიან. შესაბამისად, ქართველებს მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ და საკუთარი გულშემატკივრებით სავსე ტრიბუნების წინაშე ითამაშებენ. თბილისში ეიფორია დიდია, ამიტომ ხვალ თბილისის ეროვნულ სტადიონზე 50 000-ზე (55 ათასს – რედაქცია) მეტ გულშემატკივარს ელოდებიან.

საქართველო ფორმაშია და შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზეა. მათ ჰყავთ ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გასაოცარ ფორმაშია და შანსი აქვთ, ისევ აღმოჩნდნენ ევროპის ჩემპიონატის (ამჯერად 2024 წლის) პლეიოფში. ასე რომ, ხვალ ვილი სანიოლის ბიჭებს, „დანგრეული“ მაკედონიის დამარცხებით, ცხრილში პირველი ადგილის ოფიციალური გაფორმება შეუძლიათ“, – ასეთი პესიმისტურია „ეკიპას“ ვარაუდი.