საქართველოში ერთა ლიგის მატჩამდე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა სკოპიეში ბოლო ვარჯიში გამართა. გამოცემა „სპორტმედიას“ ცნობით, მასში მხოლოდ მოთამაშეთა ნაწილი მონაწილეობდა.
„ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ იმ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა, რომლებმაც ერთა ლიგის C2 ჯგუფის საწყის შეხვედრაში სომხეთთან არ ითამაშეს, ხოლო ვინც სომხებთან გამარჯვებაში მონაწილეობდა, დილით დასვენება და აღდგენები ჰქონდათ. სომხეთთან მოედანზე გასულებიდან ვარჯიშში მხოლოდ ესპანური „მალიორკას“ თავდამსხმელი ალექსანდარ ტრაიკოვსკი მონაწილეობდა“, – წერს გამოცემა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები თბილისში შვიდ სექტემბერს, დილით სკოპიეს აეროპორტიდან გამოფრინდება. გუნდი მატჩამდე ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ „დინამო არენაზე“ 19:00 საათზე ჩაატარებს. მანამდე, 18:30 საათზე, გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ ანგელოვსკი „დინამო არენას“ მედიადარბაზში პრესკონფერენციას გამართავს.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებები ერთა ლიგის მეორე ტურის მატჩში ერთმანეთს სამშაბათს, რვა სექტემბერს დაუპირისპირდებიან. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 20:00 საათიდან შემოგთავაზებთ.