საქართველოს ნაკრების საოცარი სერია გრძელდება - 3:0 ჩრდილოეთ მაკედონიასთან [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების საოცარი სერია გრძელდება – ერთა ლიგის მესამე ტურში ვილი სანიოლის გუნდი პრინციპულ მეტოქეს, ჩრდილოეთ მაკედონიას ესტუმრა და შესანიშნავი გამარჯვებით ქართველ გულშემატკივარს უდიდესი სიხარული მიანიჭა – 3:0 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ.

 

სკოპიეს ტოდორ პროესკის სახელობის სტადიონზე ვილი სანიოლმა ფაქტობრივად იგივე შემადგენლობა გამოიყვანა, რაც ბულგარეთთან რაზგრადში. ცვლილება იყო კარში – ივნისის მატჩებში პირველად დააყენა გიორგი მამარდაშვილი, ხოლო მარცხენა ფლანგზე ირაკლი აზაროვი გიორგი წიტაიშვილმა ჩაანაცვლა.

ჩრდილომაკედონიის ნაკრებში კი ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა ბლაგოი მილევსკიმ შემადგენლობაში დააბრუნა რამდენიმე მოთამაშე, რომლებმაც გიბრალტართან გასვლით მატჩში დაისვენეს.

C4 ჯგუფის ამ მატჩს უნდა გაერკვია, ვინ იქნებოდა პირველი წრის შემდეგ ლიდერი. ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ეროვნული გუნდების შეხვედრა დაძაბული გამოდგა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა

თამაში მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ პირველი საგოლე შანსი ხვიჩა კვარაცხელიამ შექმნა – მე-11 წუთზე მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, მცველს გასცდა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი აიღო. მასპინძლებიდან პირველად სახიფათოდ მე-17 წუთზე ტრაიკოვსკიმ გაისროლა და მიზანს ააცილა.

31-ე წუთზე შორიდან უკვე დავითაშვილმა სცადა გატანა და მეკარემ ბურთი მოიგერია. ერთ წუთში მასპინძელთა ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, ელმასმა შეგვიტია და მამარდაშვილმა პოზიცია ზუსტად შეარჩია. ჩვენი გუნდის კონტრშეტევაზე კარგი შანსი ჰქონდა დავითაშვილს, მაგრამ დააყოვნა და მცველმა ვითარება განმუხტა. ამას ისევ ელმასის დარტყმა მოჰყვა და მამარდაშვილმა საიმედოდ ითამაშა. ტაიმის ბოლოს უკვე ზივზივაძემ სცადა ბედი, მაგრამ მეკარე ბურთს ისევ ადგილზე დაუხვდა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა – 0:0.

 

II ტაიმი

მეორე ნახევარიც მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო. ბარდიმ საჯარიმოდან სახიფათოდ გაისროლა, თუმცა მამარდაშვილი ბურთს ადგილზე დახვდა. კვარაცხელიას მოწოდებული კუთხურის შემდეგ ხოჭოლავამ დაარტყა და კარს სანტიმეტრებში ააცილა. 52-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წიტაიშვილმა განახორციელა, კარის წინ ზივზივაძე მოძებნა, რომელმაც შანსი გოლად აქცია – 0:1 და ტრიბუნაზე მსხდარი ქართველი გულშემატკივრების ხმა კიდევ უფრო ომახიანად აგუგუნდა.

გავიდა წუთი და წიტაიშვილმა საჯარიმოში უკვე დავითაშვილი მონახა, რომელსაც ჩვენი უპირატესობის გაზრდა შეეძლო, მაგრამ ახლოდან თავით ააცილა. თუმცა 62-ე წუთზე მასპინძელთა კარი მეორედ ხვიჩა კვარაცხელიამ აიღო. ხვიჩამ საჯარიმოსთან ჩურლინოვს თავბრუ დაახვია და ძლიერად დაარტყა – მეკარე ბურთს შესწვდა, მაგრამ ვერ შეაჩერა, ძელიდან კი კარის ბადე შეარხია და საქართველოს გულშემატკივარმა უზომოდ გაიხარა – 0:2.

კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა სოლიდური გახადა. ჩრდილომაკედონიელები უკვე მთელი ძალით შეეცადნენ შეტევას. ამას ჩვენების მორიგი კონტრშეტევა და კაკაბაძის არაზუსტი დარტყმა მოჰყვა. არადა, გატანა კიდევ შეგვეძლო. გავიტანეთ მესამე გოლიც, მაგრამ თამაშგარედან და კვარაცხელია-ზივზივაძის შედეგიანი შეტევა არ ჩაგვეთვალა.

გაღიზიანებულმა მასპინძლებმა ჩხუბი დაიწყეს, რის გამო ბარდი და კვირკველია გააფრთხილეს, მაგრამ ინციდენტი მალე ამოიწურა. 84-ე წუთზე კი საქართველომ ამ მშვენიერ თამაშს მესამე გოლიც მოაყოლა – კვეკვესკირის შესრულებული ჯარიმის შემდეგ, საჯარიმოში კიტეიშვილი გაიხსნა და ზუსტად დაარტყა – 0:3.

მეოთხე გოლის გატანა კონტრშეტევაზე ლობჟანიძეს შეეძლო, მაგრამ დაახანა და მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა ამით ბევრი არაფერი შეცვლილა. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი გამარჯვება მოიპოვა, ასპროცენტიანი შედეგით (9 ქულა) დააგროვა და უშუალო კონკურენტს – ჩრდილოეთ მაკედონიას 5 ქულით ვასწრებთ. გუნდმა ბოლო 3 მატჩში 12 გოლი გაიტანა (საშუალოდ 4 გოლი მატჩში) და რაც მთავარია, ორივე უშუალო კონკურენტი – ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი გასვლაზე დავამარცხეთ.

შემდეგ შეხვედრას ჩვენი ეროვნული გუნდი 12 ივნისს „დინამო არენაზე“ ბულგარეთთან გამართავს და თუ მოიგო, ფაქტობრივად, ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებს.


ჩრდ. მაკედონია – საქართველო 0:3


გოლები: 0:1 ზივზივაძე (52. წიტაიშვილის პასით), 0:2 კვარაცხელია (62), 0:3 კიტეიშვილი (84. კვეკვესკირის პასით)

ერთა ლიგა 2022/23. C4 ლიგა. III ტური

09.06.2022. სკოპიე. სტადიონი„ტოდორ პროესკი“.

ჩრდ. მაკედონია: დიმიტრიევსკი – აშკოვსკი, ველკოვსკი, მუსლიუ, ალიოსკი – სპიროვსკი (71. მიოვსკი), ბარდი – ჩურლინოვი, ელმასი (78. ტოდოროსკი), ტრაიკოვსკი (60. ნიკოლოვი) – მ. რისტოვსკი (71. ბაბუნსკი)

მთავარი მწვრთნელი: ბლაგოი მილევსკი

საქართველო: მამარდაშვილი – კაშია, კვირკველია, ხოჭოლავა-კაკაბაძე (83. ლობჟანიძე), აბურჯანია (61. კიტეიშვილი), კვეკვესკირი, წიტაიშვილი – დავითაშვილი (72. მამუჩაშვილი), ზივზივაძე (72. მიქაუტაძე), კვარაცხელია (83. ყაზაიშვილი)

სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე, ლოჩოშვილი, კობახიძე, აზაროვი, გვილია, მექვაბიშვილი

მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი

მთავარი არბიტრი: როი რაინშრაიბერი (ისრაელი)

გაფრთხილებები: კაკაბაძე (21), ველკოვსკი (38), ზივზივაძე (45), ბარდი (73), კვირკველია (73), ბაბუნსკი (82)