ჩრდილო მაკედონიური გამოცემა - საქართველო-ბელარუსი ნოემბერში ან მარტში შედგება
ერთა ლიგის გადადებული ნახევარფინალური მატჩების თარიღზე ინფორმაცია ჩრდილოეთ მაკედონიურმა გამოცემა „სპორტმედიამ“ გაავრცელა.
„ერთა ლიგის ახალი სეზონის დაწყება სექტემბერში დაიგეგმა. უეფა აცხადებს, რომ ამ შეჯიბრის ახალი სეზონის ჯგუფური ეტაპი და პლეიოფი ყველა ჯგუფში წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ანუ მაკედონია-კოსოვოს და საქართველო-ბელარუსის შეხვედრები ნოემბერში უნდა ჩატარდეს. სხვაგვარად, ამ მატჩს 2021 წლის მარტში თუ გამართავს. წინასწარი ინფორმაციით, მაკედონია კოსოვოს წინააღმდეგ ერთა ლიგის ახალი გათამაშებაში ესტონეთთან (13 ნოემბერი, სახლში) და სომხეთთან (16 ნოემბერი, გასვლაზე) მატჩებამდე რამდენიმე დღით ადრე ითამაშებს. ეს ნიშნავს, რომ ნოემბერში ჩვენს გუნდს სამი ოფიციალური თამაში ექნება. რა თქმა უნდა, ეს უეფამ უნდა დაადასტუროს. მაგრამ ჯერ ვერ ახერხებს, რადგან რამდენიმე თვეა, ფეხბურთი და კაცობრიობა კორონავირუსის მიერ გამოწვეულ საშიშ პანდემიას ებრძვის,“ – წერს „სპორტმედია“.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩები, მათ შორის, საქართველო-ბელარუსი 26 მარტს უნდა ჩატარებულიყო. შემდეგ ვადა ივნისისთვის გადაიწია, მაგრამ პანდემიის გავრცელებამ თარიღი ისევ გაურკვეველი ვადით გადადო.
გამოცემის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, წელს ევროპის სუპერთასის გათამაშება გამორიცხულია: „უეფა კლუბის დონეზე გარდამავალი პერიოდის პრობლემის გადასაჭრელ სტრატეგიაზე მუშაობს. პრობლემა კი ბევრია – ივნისში მოთამაშეებს კონტრაქტები ეწურებათ, ეროვნული ჩემპიონატები დროულად უნდა დასრულდეს, რადგან პრიორიტეტულია ჩემპიონთა და ევროპის ლიგების მიმდინარე გათამაშებების დასრულება და ახალი სეზონის დაწყებაა. სავარაუდოდ, ევროპის სუპერთასის გათამაშება გადაიდება, გარდამავალი პერიოდი კი სექტემბერი იქნება“.