ჩოგბურთში დიდი სკანდალია - ჩაწყობილ თამაშებში 135 ჩოგბურთელია ჩათრეული
გერმანული ტელეარხის, ZDF-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება, რომლის დროსაც გამოავლინეს დიდი რაოდენობით ჩოგბურთელები, რომლებიც ჩაწყობილ თამაშებში იღებდნენ მონაწილეობას.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის უკანონო ფსონებში მონაწილეობაზე ეჭვმიტანილია 135 ჩოგბურთელზე მეტი, ხოლო გამოძიება მოიცავს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის, ბელგიას, ესპანეთს, საფრანგეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს. კერძოდ, გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე დაუკავშირდა ბელგიელ გამომძიებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
დღეისთვის მიმდინარეობს მუშაობა ერთ გერმანელ ჩოგბურთელთან, რომელმაც სამართალდამცავებთან თანამშრომლობა გადაწყვიტა.
ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ საქმეში გადის ATP-ის რეიტინგის TOP30-ის წევრი, რომელსაც პროფესიულ დონეზე სამი ტურნირი აქვს მოგებული.
„ლაპარაკია სომხურ მაფიოზურ ქსელზე, რომელიც თავის გავლენას ავრცელებს ევროპის შვიდ ქვეყანაზე. ეს ძალიან დიდი და ორგანიზებული ქსელია, – განაცხადა ბელგიის გენერალური პროკურორის თანაშემწემ ერიკ ბიშოპმა. – ეს მაფია სტრუქტურულად კარგად არის ორგანიზებული, მას ჰყავს ადამიანები, რომლებიც ანგარიშებზე არიან პასუხისმგებლები, არიან ფულის გათეთრებით დაკავებულნი და ისინი, ვინც უშუალოდაა კონტაქტში ჩოგბურთელებთან“.
2019 წელს, ანტიკორუპციულმა ორგანიზაცია Tennis Integrity Unit-მა უკვე გამოავლინა და დისკვალიფიკაცია მისცა 20 ჩოგბურთელს ATP-სა და WTA-ის ტურებიდან.
ერთ-ერთი დისკვალიფიცირებული იყო არგენტინელი მარკო ტრუნგელეტი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას უკავშირდებოდნენ დანაშაულებრივი ქსელის წარმომადგენლები.
„რეიტინგის TOP50-ში არიან პროფესიონალები, რომლებსაც გავლენა აქვთ მატჩების შედეგებზე. არ შეიძლება იმის ლაპარაკი, რომ ტყუილი და თაღლითობა მხოლოდ ATP-ის რეიტინგის ქვედა ნაწილშია. ეს ყველა დონეზე ხდება“, – თქვა ტრუნგელეტიმ.
მიმდინარე სკანდალის გამოძიება დასასრულს უახლოვდება, შედეგები კი რამდენიმე თვეში გამოცხადდება.