ჩოგბურთი | იტალიელი იანიკ სინერი ცინცინატის მასტერსის გამარჯვებულია #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირის, ამერიკის ღია პირველობის წინ გამართული ცინცინატის 1000-ქულიანი მასტერსი მსოფლიოს პირველი ნომრის, იტალიელი იანიკ სინერის გამარჯვებით დასრულდა.
სინერმა ფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ფრანსის ტიაფუ ორ სეტში, 7:6 (7:4), 6:2 დაამარცხა.
23 წლის ჩოგბურთელისთვის ცინცინატის მასტერსი 2024 წელს მოგებული მეხუთე ტურნირია. მან ამ გამარჯვებით 1000 სარეიტინგო ქულა და 1,049,460 ამერიკული დოლარი მიიღო.
ცინცინატში ასევე დასრულდა ქალთა ტურნირიც, რომლის ჩემპიონი ბელარუსის წარმომადგენელი არინა საბალენკა გახდა. ფინალში მან ამერიკელ ჯესიკა პეგულას სძლია.
ამერიკის ღია პირველობა 19 აგვისტოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით დაიწყო, ტურნირის ფინალი კი 9 სექტემბერსაა დაგეგმილი. მამაკაცთა შორის შეჯიბრების 2023 წლის გამარჯვებული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო ქალებში ჩემპიონი კოკო გაუფი (აშშ) გახდა.