ჩოგბურთი | ამერიკის ღია პირველობის ფინალში იანიკ სინერი ტეილორ ფრიცს შეხვდება #1TVSPORT
ჩოგბურთში წლის რიგით მეოთხე დიდი სლემის ტურნირზე, ამერიკის ღია პირველობაზე მამაკაცთა შორის ფინალური წყვილი შედგა.
ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში მსოფლიოს პირველი ნომერი, იტალიელი იანიკ სინერი ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება.
ნახევარფინალში სინერმა ბრიტანელი ჯეკ დრეიპერი სამ სეტში, 7:5, 7:6 (7:3), 6:2 დაამარცხა და თავის კარიერაში დიდი სლემის ტურნირის ფინალში მეორედ გავიდა. პირველ შემთხვევაში, 2024 წლის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში 23 წლის იტალიელმა დანიილ მედვედევი დაამარცხა.
რაც შეეხება ტეილორ ფრიცს, მან თანამემამულე ფრანსის ტიაფუს დაძაბულ ხუთსეტიან ბრძოლაში, 4:6, 7:5, 4:6, 6:4, 6:1 სძლია და კარიერაში დიდი სლემის ტიტულისთვის ფინალურ მატჩში პირველად იბრძოლებს.
სინერი და ფრიცი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ, ერთხელ ამერიკელმა მოიგო, ხოლო ერთხელ – იტალიელმა. მამაკაცთა შორის ამერიკის ღია პირველობის ფინალი 8 სექტემბერს გაიმართება.