ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა კარიერა დაასრულა
ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა კარიერა დაასრულა

ამერიკულმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა 30 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა.

„მეგობრებო, ბევრი თქვენთაგანი მეკითხებოდა კორტზე დაბრუნების შესახებ. სამწუხაროდ, მუდმივი ტრავმების გამო, ჩემი ორგანიზმი არ მაძლევს თამაშის საშუალებას. აღმოჩნდა, რომ პროფესიულ ჩოგბურთი – არ არის მხოლოდ კორტზე ბრძოლა, არამედ ტრამვებთანაც ბრძოლა ყოფილა“, – დაწერა ტატიშვილმა თავის „ტვიტერში“.

2017 წლიდან ჩოგბურთელი კოჭის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც დიდი ხანი ვერ გადიოდა კორტზე. ერთეულების რეიტინგში მისი საუკეთესო შედეგი იყო – 50-ე ადგილი, რომელიც 2012 წელს ეკავა. ერთეულებში WTA-ის დონეზე არც ერთი ტიტული არ აქვს მოგებული, „დიდი სლემის“ ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგი 2011 წელს ჰქონდა, როცა აშშ-ის ღიას მესამე წრეში გააღწია. 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე მეორე წრეში გასვლა შეძლო.

წყვილებში ტატიშვილს WTA-ის ერთი ტიტული აქვს მოპოვებული – 2014 წელს, რუმინელ რალუკა ოლარუსთან ერთად მოიგო ავსტრიის ქალაქ ლინცის ტურნირი.

ანა ტატიშვილი 1990 წლის 3 თებერვალს დაიბადა თბილისში. 2005-14 წლებში საქართველოს სახელით გამოდიოდა, რის შემდეგაც ამერიკის მოქალაქე გახდა და ამ ქვეყნის დროშის ქვეშ თამაშობდა.

ერთ-ერთი ბოლო ტურნირი, რომელიც ტატიშვილმა ითამაშა, 2019 წლის როლან გაროსი იყო. მან პირველი წრე წააგო, რის შემდეგაც ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მოპოვებული ჰონორარი წაართვა იმ მიზეზით, რომ მისი თამაში არ შეესაბამებოდა პროფესიულ სტანდარტებს. ტატიშვილმა 40-გვერდიანი აპელაცია შეიტანა და საქმე მოიგო.