ჩხვიმიანი და ლიპარტელიანი მეოთხედფინალში იჭიდავებენ, პაპინაშვილი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა #1TVSPORT
სოფიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც სამი მათგანი მედლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
შეჯიბრზე პირველი დაპირისპირებები მოიგეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ), ჯაბა პაპინაშვილი კი ფრანგ სედრიკ რევოლთან გაფრთხილებებით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.ლუხუმს უკრაინელ დილშოტ ხალმატოვთან ძალიან გაუჭირდა, ქართველმა ილეთის შესრულება მე-12 წუთზე შეძლო და ნახევარფინალში გასასვლელად ავსტრიელ ლოიტგებს ან ნიდერლანდების წარმომადგენელ ჭკადუას შეხვდება.
ლიპარტელიანმა პოლონელი არლეტა პოდოლაკსა დაამარცხა და მეოთხედფინალში ფრანგ პრიშილა გნეტოს დაუპირისპირდება. ცოტა ხნით ადრე ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) პირველ შეხვედრაში რუმინელი ლუსიან ბორს დიმიტრესკუ დამატებით დროში, გაფრთხილებებით დაამარცხა და 1/8 ფინალში იჭიდავებს. მეოთხედფინალში გასასვლელად ქართველი ბულგარელ დენისლავ ივანოვს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟებს ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. ტურნირის პირდაპირი ტრანსლაციები 29,30 აპრილს და პირველ მაისს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.