ირკვევა მანჩესტერული დერბის შემდეგ, “ოლდ ტრაფორდზე” მომხდარი ჩხუბის დეტალები. როგორც DailyMail წერს, ორივე გუნდის მხრიდან ჩხუბში 20-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
თვითმხილველთა თქმით, ფეხბურთელებმა ჩხუბი მას შემდეგ დაიწყეს, რაც “სიტის” მოთამაშეებმა ზლატან იბრაჰიმოვიჩი გააღიზიანეს. კერძოდ, ერთ-ერთმა მათგანმა შვედს დაუყვირა: “იბრა, შენ ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ ცოტას მოძრაობ”. “იუნაიტედის” ფეხბურთელებმა ეს ფრაზა ნეგატიურად აღიქვეს და იბრაჰიმოვიჩის დაცვა გადაწყვიტეს.
სწორედ ამის შემდეგ შევიდა “სიტის” გასახდელში “იუნაიტედის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო მეტოქეთა ქცევის გამო თავისი უკმაყოფილების გამოსახატავად. პორტუგალიელმა მეკარე ედერსონთან იჩხუბა. მან ბრაზილიელს თავში პლასტმასის ბოთლი ჩაარტყა, მან კი პასუხად მწვრთნელს რძე შეასხა. “სიტის” სხვა მოთამაშეებმა პორტუგალიელს წყალი შეასხეს.
დაიწყო მასიური ჩხუბი, რომელშიც მონაწილეობდა “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი რომელუ ლუკაკუ, ამ გუნდის მეკარეების მწვრთნელი სილვინ ლორუ, აგრეთვე, “სიტის” ერთ-ერთი მწვრთნელი მიკელ არტეტა.
ორივე გუნდს სერიოზული სანქციები ელოდება ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისგან.