ჩხეტიანი „ტორპედოში“ დაბრუნდა - მან ქუთაისურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი „ტორპედოში“ დაბრუნდა – ქუთაისის „ტორპედომ“ ამის თაობაზე ოფიციალური განცხადება ბათუმის „დინამოსთან“ მატჩის დაწყებამდე გაავრცელა.
„კახა ჩხეტიანი უკვე ოფიციალურად ტორპედოელია. დღეს მან კლუბთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. კახა ჩხეტიანი წლების შემდეგ მის პირველ ოფიციალურ მატჩს „ტორპედოსთან“ ერთად დღეს ბათუმის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. დამატებით დეტალებს მოგვიანებით შეგატყობინებთ“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“ ოფიციალურ განცხადებაში.
ჩხეტიანი 17 წლის იყო, როდესაც „ტორპედოში“ აიყვანეს. ის კარიერის შემდეგ 2016–2019 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი იყო და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა დამოუკიდებლობის პერიოდში ყველაზე მეტი ტიტული მოიპოვა – „ტორპედო“ გახდა ეროვნული ლიგის გამარჯვებული (2017), საქართველოს თასს 2-ჯერ დაეუფლა (2016, 2018), ორჯერაც საქართველოს სუპერ თასის (2018, 2019) გამარჯვებული გახდა.
შეგახსენებთ, რომ 2019–2020 წლებში ჩხეტიანი „დინამო თბილისს“ ავარჯიშებდა, მაგრამ ალბანურ „ტირანასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე გამოვარდნის შემდეგ კლუბი დატოვა.