ჩისკოს გუნდმა უეინ რუნის „დერბი“ დაამარცხა და ჩემპიონშიფში მესამე ადგილზე დაწინაურდა
„დინამო თბილისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ჩისკო მუნიოსის „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფში ასპარეზობას წარმატებულად განაგრძობს. ამჯერად, გუნდმა შინ უეინ რუნის „დერბი ქაუნთი“ მიიღო, 2:1 დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.
„უოტფორდმა“ პირველივე ტაიმში მოახერხა კომფორტული უპირატესობის მოპოვება. 19-ე წუთზე ანგარიში ჟოაო პედრომ გახსნა, 21-ზე კი ვილ ჰიუზმა სხვაობა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმში „დერბიმ“ ერთი გოლის გატანა მოახერხა და მატჩში ინტრიგა დააბრუნა, მაგრამ ჩისკოს ფეხბურთელებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს და მორიგი 3 ქულა გაიფორმეს.
„უოტფორდი“ 31-ე ტურის შემდეგ ინგლისის ჩემპიონშიფის ლაივ ცხრილში 57 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და 1 ქულით უსწრებს „სუონსის“, რომელსაც ამ ტურის მატჩის გარდა, კიდევ ორი გამოტოვებული შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. 57 ქულა აქვს „ბრენტფორდსაც“, რომელიც თავის შეხვედრას „ქოვენთრის“ წინააღმდეგ გამართავს. პირველ ადგილზე კი „ნორვიჩია“ 61 ქულით.